არ მინდა, წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებას ექიმი გიორგი ღოღობერიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“პრემიერმა თქვა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი 300-400%-ითო. აი, 4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკა და აფთიაქი გავხსნა. დღეში 2-3 ბიზნესმენს ვხვდები და ტვინს ვუდუღებ, რომ ამ იდეაში ამყვნენ.
მთავრობა უბრალოდ დამიდგეს გვერდით, ცოტათი მაინც წამომიკრას ხელი და იქნება ისეთი აფთიაქები, სადაც არაფერი გაიყიდება 300-400%-ით ძვირად. ხალხიც სარგებელს ნახავს და სახელმწიფოც იხეირებს.
სახელმწიფოს ზღვა რესურსი აქვს და მათ ეს არ დაუჯდებათ ძვირი. ყველა ეტაპს მივხედავ, ყოველგვარი პოლიტიკური და ფინანსური სარგებლის გარეშე.
მე ჩემითაც მივაღწევ ამ მიზნებს, უბრალოდ, რამდენიმე წელი დამეხარჯება და მათი თანადგომით ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში იქნება,” – წერს ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წამლების ფასი ქვეყანაში ძალიან გაზრდილია და ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს.
„ამის თაობაზე ყველა უკიდურესად შეწუხებული და შეშფოთებულია. მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს აღნიშნულ ანგარიშზე. მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს რამდენიმე დღეში. ასევე, მინდა, დავავალო ჯანდაცვის მინისტრს, მასთან მჭიდრო კოორდინაციაში ვიყოთ და დროულად წარვუდგინოთ საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი და შემდეგ რეალურად გამოსავლის გზები დავსახოთ.
არ მინდა, წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.