ნიკა ქავთარაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე დაუმორჩილებლობის აქციას შეუერთდა. იუმორისტი ამბობს, რომ ახალგაზრდების პროტესტი გადამდებია და აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება:
,,დილით ჩავრთე ტელევიზორი, “ტვ პირველი”, და ვნახე, როგორ აკავებდნენ ჩემ შვილს, არცერთი მამისთვის არ არის ეს სასიამოვნო, მაგრამ 20 წლის ადამიანი ასე იბრძვის თავისი ქვეყნისთვის. იმდენად გადამდებია ეს, დედაჩემი, მე და ჩემი შვილები, გავერთიანდით სულ ყველა, მთავარი პრობლემის წინაშე და ყველა აქ ვართ.
არ ვიცი რა ნიშნები სჭირდებათ ადამიანებს კონკრეტული – რუსეთის დროშა სახლზე, რუსი პოლიტიკოსი სავარძელში, თუ რა. ყველაფერი არის იმის ნიშნად, რომ რუსეთი ცდილობს ქვეყანა წაგვართვას“- წერს ნიკა ქავთარაძე.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს, დილით თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა კარვები დაშალეს. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის. დაკავებულია 14 აქციის მონაწილე, ხოლო აქციის დაშლისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო, 2 მოქალაქე კლინიკაშია მოთავსებული.
ჭავჭავაძის გამზირზე აქცია ისევ განახლდა. მოქალაქეებმა კარვები გაშალეს და ღამე ადგილზე გაათენეს. აქციას ოპოზიციური ლიდერებიც შეუერთდნენ.