გთავაზობთ “fortuna.ge-ის” სტატიას, რომელიც 2017 წელასა დაწერილი.
გაეცანით:
დღევანდელი მიწისძვრის შემდეგ შესაძლოა, ბიძგები კიდევ იგრძნოთ და ეს ან შიშის გამოძახილი იქნება ან უშუალოდ მიწისძვრის, რადგან, როგორც სეისმოლოგები ამბობენ, მიწისძვრებს ყოველთვის მოჰყვება ე.წ. აფთერშოკებიც და ცრუ შეგრძნებებიც.
როგორც რადიო “ფორტუნას” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა, ზურაბ ჯავახიშვილმა, განუცხადა, ეს აფთერშოკები სუსტია და, შესაბამისად, საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ რა მოხდება თბილისში, თუკი ამ სიმძლავრის, ან უფრო ძლიერი მიწისძვრა კიდევ მოხდება, ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები საკმაოდ შემაშფოთებელ პროგნოზებს აკეთებენ.
’’5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, ეპიცენტრი სიღნაღიდან, დაახლოებით, 20-25 კილომეტრის მანძილზე იყო, რომლის სიახლოვეს დასახლება არ არის. გუშინდელ მიწისძვრას მოსალოდნელია, რომ აფთერშოკები მოჰყვეს, თუმცა, სუსტი სიმძლავრის და მას ადამიანი ვეღარ გრძნობს. სუსტი მიწისძვრები ძალიან ხშირია, საქართველოს ტერიტორიაზე დღეში რამდენიმე მიწისძვრა ხდება, რომელსაც ადამიანი ვერ გრძნობს და მხოლოდ სეისმოგრაფიული აპარატით ფიქსირდება.
“ძლიერი მიწისძვრა 6 მაგნიტუდიდან ითვლება, გუშინდელი მიწისძვრა კი ჩვენთვის გამორჩეულია, რადგან ჩვენი რეგიონი მაინც საშუალოსესმური რეგიონია. ზოგადად, საქართველოში სეისმურად აქტიური არცერთი ადგილი არ არის, (ანუ ყველგან შეიძლება მოხდეს მიწისძვრა) თუმცა შედარებით აქტიური მხოლოდ 2 ცენტრი გახლავთ – ჯავახეთის ზეგანი და კავკასიონის ცენტრალური ნაწილი. გახსოვთ ალბათ, თბილისში 2002 წელს დაფიქსირებული, რომელიც საშუალო სიძლიერის იყო, მაგრამ ეპიცენტრი, ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრში იყო და მოსახლეობამ ძლიერ ამიტომაც იგრძნო. დაზიანდა შენობებიც, თუმცა ეს უკვე ცალკე საკითხია, რომ ამგვარ მიწისძვრაზე შენობები არ უნდა ზიანდებოდეს,“ – განაცხადა ’’ფორტუნასთან’’-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა, ზურაბ ჯავახიშვილმა.
თბილისის საფრთხე
რამდენად მყარია თბილისში თანამედროვე არქიტექტურა, თუნდაც 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისთვის, ამის შესახებ სეისმოლოგებს და არქიტექტორთა ნაწილს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
„ფორტუნასთან“ საუბრისას არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი ამბობს, რომ დედაქალაქში ბოლო 20-30 წლის განმავლობაში აშენებული ყველა არქიტექტურა მყარია და 8 ბალიან მიწისძვრას გაუძლებს.
’’თბილისში ნაგებობები, რომელსაც გამორეცხილი არ აქვს ფუნდამენტი და საარქიტექტორო წესების დაცვით არის აშენებული, 7 ან 8 ბალიან მიწისძვრას ყველა გაუძლებს. ხშირად ისმის მოსახლეობისგან პრეტენზია თბილისში ახლდაშენებული კორპუსების მიმართ, რომ კედდები თხელია და ჩურჩულიც კი ისმის. შესაბამისად, ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ამგვარი ნაგებობა მიწისძვრას ვერ გაუძლებს. მინდა გითხრათ და დაგამშვიდოთ, რომ ყველა თანამედროვე ნაგებობა მყარ ფუნდამენტსა და კარკასზე დგას, რომელიც 8-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი. რაც შეეხება კედლების სითხელეს, მართებული პრეტენზიაა, ვინაიდან კარკასს შორის ადგილის.
შევსება იაფფასიანი მასალით ხდება, ეს კი ხმის გაუმტარებლობას არ აკმაყოფილებს. სხვაგვარად, თუკი მშენებლის მიერ კარკასი და ფუნდამენტი კარგად არის მომზადებული, პრობლემა არ უნდა შეიქმნას. მე შემიძლია, გითხრათ, რომ თბილისის თანამედროვე არქიტექტურა, რომელიც ბოლო 20-30 წლის განმავლობაში აშენდა, მყარია და ყველა გაუძლებს მიწისძვრას,’ ’- განაცხადა ფორტუნასთან გიგა ბათიაშვილომა.
თუმცა, მის ამ შეფასებას ეჭვით უყურებენ როგორც სეისმოლოგები, ასევე არქიტექტორთა დიდი ნაწილიც, რადგან, მათი თქმით, დღეს რეალურად არ ხდება მშენებლობების სტანდარტების დაცვის კონტროლი, რის გამოც პრობლემები არაერთხელ შეიქმნა.
’’თბილისში მიმდინარე მშენებლობები, რასაც ვუყურებთ, არასწორად შენდება. სეისმური საშიშროების რუკა თვისი მნიშვნელობებით იმაზე უფრო დაბალია, ვიდრე ეს მოსალოდნელია. თუკი, დედაქალაქში ექვსი ან ექვსნახევარი მაგნიტუდა მიწისძვრა დაფიქსირდება, უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, ქალაქი ამ სიმძლავრის მიწისძვრას ვერ გაუძლებს. 2002 წლის სტიქიის მაგნიტუდა ოთხნახევარი იყო, იცით, ეს რამდენად დაბალია? განვითარებულ ქვეყნებში კი ასეთ მცირე მიწისძვრას საერთოდ ვერ გრძნობენ, იქ იმდენად მყარი ნაგებობა დგას. ჩვენთან კი 2002 წელს ძველი ქალაქი, ლამის, დაინგრა. თუკი მაგნიტუდა 6-მდე განვითარდება, შეიძლება ითქვას, რომ თბილისის არქიტექტურას სერიოზული პრობლემები შეექმნება,” – განაცხადა ’’ფორტუნასთან’’ სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის ხელმძღვანელმა, ნინო წერეთელმა.
არსებობს თუ არა გამოსავალი?
წერეთელი ამბობს, რომ ამ საშიშროების შესახებ სათანადო სამსახურებს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ რეაგირება არ ხდება და შიშობს, რომ ეს ქვეყნისთვის კატასტროფად არ იქცეს. მისი თქმით, დაუყოვნებლივ არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი, რათა დედაქალაქისთვის, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია თავმოყრილი, ზოგადად, უსაფრთხო მიწისძვრები მაინც არ იქცეს დამანგრევლად.
“აღნიშნული პრობლემის დასაძლევად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მივმართეთ. სწორედ მის პრეროგატივაში შედის ის, რომ უნდა შეცვალოს სეისმური საშიშროების კოდები. ამ საკითხში საჭიროა, ჩაერთოს თბილისის მერიაც, რომელმაც საკმაოდ ხანგრძლივ დროზე გათვლილი პროექტი უნდა შეიმუშაოს და გაწეროს, თუნდაც, 50 წელზე, რათა დაიწყოს ქალაქიდან იმ მოწყვლადი შენობების მოცილება, რომელიც ვერ გამაგრდება. ასეთი არამყარი ნაგებობა ვარგისი შენობებით უნდა ჩანაცვლდეს. ეს გახლავთ ის სტრატეგია, რასაც დასავლეთი მიმართავს. ამ პრობლემის მოგვარებას ასოცირების ხელშეკრულებაც გვავალდებულებს, საქართველო შენობა ნაგებობის კუთხით საერთაშორისო სტანდარტებზე აუცილებლად უნდა გადავიდეს, რომელიც საერთოდ არ გვაქვს,” – ამბობს ნინო წერეთელი.