სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ლევან გამყრელიძის განცხადებით, მომდევნო წლიდან ავტოსადგურებისა და საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანის კუთხით რიგი ცვლილებები იგეგმება.
მისი თქმით, 2025 წლის 1-ელი ივნისიდან საქალაქთაშორისო მგზავრგადაყვანა 150 კილომეტრზე მეტით დაშორებულ ქალაქებში მხოლოდ ავტობუსებმა უნდა განახორციელონ.
„ე.წ „ხიშნიკები“ აიკრძალება. ეს მოხდება საქალაქთაშორისო გადაყვანის რეფორმის პარალელურად. ყველა ეს ავტოტრანსპორტი უნდა შევიდეს ავტოსადგურში. ავტოსადგურის გარდა, საქალაქთაშორისო რეისი ვეღარ განხორციელდება. მათ უნდა მიიღონ ლიცენზია, ლიცენზიას ვერ მიიღებს ტრანსპორტი, თუ ვერ დააკმაყოფილებს პირობებს. ისეთი ტრანსპორტი, რომელიც იყო სატვირთო და გადაკეთდა სამგზავროდ, რომელსაც ჩამატებული აქვს სავარძლები, არ არის უსაფრთხო, არ აქვს ტექინსპექტირება გავლილი, ვერანაირად ვერ აიღებს ნებართვას რომ შევიდეს ავტოსადგურში; ის დარჩება ავტოსადგურის გარეთ, თუ ავტოსადგურის გარეთ დარჩება, ვერ იფუნქციონირებს იმიტომ, რომ მონიტორინგის სამსახური და პატრული მძიმე ჯარიმებს დაწერს“, – განაცხადა ლევან გამყრელიძემ BPN-თან.