“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს – გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. პროექტში კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს, – ინფორმაციას “ჯივიპი” ავრცელებს.
“გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარე ეტაპზე, განახლდა 8.5 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, 2.6 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 87 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 81 საკვანძო ჭა და 10 სახანძრო ჰიდრანტი.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს, 13 ნოემბრის დილის 06:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში განახორციელებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 13 ნოემბრის დილის 06:00 საათიდან 14 ნოემბრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში – ვარკეთილის III მასივს, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ. აბაშვილის, ლორთქიფანიძის, კაკლიანისა და ბერიშვილის ქუჩებს; კახეთის გზატკეცილის N7, N10 და N44-76 (ლუწ ნომრებს).
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.