ბანკომატმა ფული ჩაყლაპა… ალბათ ძალიან ბევრისთვის ცნობილია ამგვარი სიტუაცია და პანიკა, რომელიც ამ დროს ადამიანს ეუფლება. ბევრმა არ იცის როგორ მოქცეს მსგავს შემთხვევაში, ამიტომ ქვემოთ გთავაზობთ რჩევებს, რომელსაც ბანკის წარმომადგენელი გვიზიარებს.
1. მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ!
ბანკომატის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას მცირე სისტემური ხარვეზების დროს. უმეტეს შემთხვევაში, ამ დროს რამდენიმე საათი სჭირდება იმას, რომ ფული ანგარიშზე დაჯდეს. ეს რჩევა აქტუალური იქნება იმ შემთხვევაში, თუ ბანკომატმა შეტანისას არასწორად დაითვალა ფული.
2. დააფიქსირეთ ყველა დეტალი
გაუმართავ მდგომარეობაში ბანკომატმა შეიძლება არა მხოლოდ ჩაყლაპოს ფული, არამედ ქვითრის გარეშეც დაგტოვოთ. იმისათვის, რომ ბანკის თანამშრომლებს დაუმტკიცოთ ბანკომატის მიერ ფულის “მოპარვის” ფაქტი, საჭიროა დააფიქსიროთ ისეთი დეტალები, როგორიცაა: ოპერაციის განხორციელების ზუსტი დრო, ბანკომატის მდებარეობის მისამართი, მისი ნომერი, შეტანილი და “მოპარული” თანხა და ბანკომატთან სათვალთავლო კამერის არსებობა/არარსებობა.
3. დასახმარებლად მიმართეთ ბანკს
თუ ბანკომატი, რომელმაც ფული “ჩაყლაპა”, უშუალოდ ბანკის ტერიტორიაზე იმყოფება, დასახმარებლად მიმართეთ მის თანამშრომლებს. ხოლო თუ ბარათი, რომლითაც სარგებობთ და ბანკომატი სხვადასხვა ბანკებს ეკუთვნის, დასახმარებლად უნდა მიმართოთ იმ ბანკს, რომლის კუთვნილებაც არის ბანკომატი.
თუ მსგავს სიტუაციაში მოხვდით ქვეყნის საზღვრებს გარეთ, საჭიროა სცადოთ თქვენი ბარათის გამცემ ბანკთან დაკავშირება. თუ ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა, ბანკში უნდა დატოვოთ წერილობითი პრეტენზია შემდეგი ინფორმაციით: თქვენი სახელი და გვარი, პირადი მონაცემები, ბანკომატის ნომერი და მისი ადგილმდებარეობა, მოთხოვნა ფულის დაბრუნების შესახებ.
ბანკის განყოფილებაში უნდა მიიღონ და დაარეგისტრირონ თქვენი განცხადება, რის საფუძველზეც დაიწყება გამოძიება.
4. მიმართეთ სასამართლოს!
თუ ბანკის თანამშრომლები არ იღებენ თქვენს განცხადებას, განზრახ აჭიანურებენ გამოძიების პროცესს ან უარყოფენ ფულის დაკარგვის ფაქტს, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს. უნდა დაწეროთ სარჩელი, რომელშიც აღწერილი იქნება პრობლება და თანდართული ექნება ბანკში წარდგენილი პრეტენზიის ასლი.
იმისათვის, რომ დაზღვეული იყოთ ბანკომატის მუშაობაში ხარვეზებისგან, აუცილებელია ბანკომატთან სწორად მუშაობა: არ შეიტანოთ გახეული ან გაცრეცილი კუპიურები, თუ ფულის გამოტანა გსურთ, აიღეთ თანხა მაშინვე, როგორც კი ბანკომატი მოგაწვდით, არ შეიტანოთ ბანკომატში ერთ ჯერზე 40 კუპიურაზე მეტი.
inews.ge