მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სემეკმა,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებები განახორციელა. თუ რას გულისხმობს და ვის შეეხება ცვლილება, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს.
„ცვლილებების თანახმად, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად რეგისტრირებული (ფიზიკური, იურიდიული პირი, თუ ამხანაგობა), საყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული გაზის იმ ოდენობას, რომელიც გამოყენებულ იქნება საყოფაცხოვრებო მიზნით. შედეგად, ცენტრალური გათბობის მფლობელ მოხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადი დაერიცხება ამ ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მიზნით სარგებლობის წილის შესაბამისად.
მაგალითად: თუ საანგარიშსწორებო მრიცხველზე დაფიქსირდა 1000 მ3 ბუნებრივი გაზის მოხმარება, ხოლო ცენტრალურ გათბობის სისტემაზე დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველის მონაცემებით დასტურდება, რომ 80%-ის მოხმარება განხორციელდა საყოფაცხოვრებო მიზნით, ლიცენზიატი განახორციელებს საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული წილის გამოყვანას და აღრიცხულ 1000 მ3-დან 800 მ3-ზე დარიცხვას განახორციელებს საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო დარჩენილ 200 მ3-ზე – არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.
საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის წილის დასადგენად, საჭიროა:
ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა თბოენერგიის (ცხელი წყლისა და გათბობის) მოხმარება აღირიცხებოდეს ინდივიდუალური ჭკვიანი მრიცხველების საშუალებით;
ცენტრალური გათბობის სისტემა სარგებლობდეს განახლებადი ან/და ალტერნატიული წყაროთი გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით.
დადგენილების მიხედვით, მოთხოვნა არ ვრცელდება:
2025 წლამდე ექსპლუატაციაში შესულ შენობა-ნაგებობებზე;
იმ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა დასრულდა 2025 წლამდე.
ცენტრალური გათბობით მოსარგებლე საყოფაცხოვრებო მომხმარებელი მიიღებს სხვადასხვა სარგებელს:
შემცირებული გადასახადი ბუნებრივ გაზზე (გათბობასა და ცხელ წყალზე დანახარჯების შემცირება);
ბინაში ინდივიდუალური ქვაბის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების (ტექნიკური გაუმართაობა და სხვა) არიდება და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირება;
გათბობასა და ცხელ წყალზე განახლებადი ენერგიით (მზის, გეოთერმული, ბიო ენერგიის და სხვა) სარგებლობის შესაძლებლობა;
ცენტრალური გათბობის სისტემის მარგი ქმედების მაღალი კოეფიციენტით სარგებლობა.
ასევე შესაძლებელი გახდება ნამწვი აირების გაფრქვევის შემცირება და კონტროლი.
ჩამოთვლილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა „ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად რეგისტრაციის განაცხადით“ უნდა მიმართოს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს,“ – ნათქვამია სემეკ-ის ინფორმაციაში.
წყარო: bpn.ge