“ეს რეფორმა არ არის, წარმოუდგენელი სითავხედეა – ხელისუფლების სითავხედეს არ აქვს საზღვარი“, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.
როგორც ცომაია აღნიშნავს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტით, ფაქტობრივად, საპენსიო სააგენტოსგან სახელმწიფო ბანკს ქმნიან, სადაც საინვესტიციო საბჭოს საშუალებით, გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა.
“ფაქტობრივად, თუ მის შინაარსობრივ მხარეს ავიღებთ, საპენსიო სააგენტოსგან ქმნიან სახელმწიფო ბანკს. სტრუქტურულადაც რომ შევხედოთ, ყურადღება მიაქციეთ როგორ ხდება საბჭოს წევრების დანიშვნა (მე სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ) – უშუალოდ მთავრობა ნიშნავს და დანარჩენები ფორმალურად აცხადებენ ღია კონკურსს, თუმცა გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს. საბჭოს წევრების ხელში ექცევა სამივე მიმართულება: მენეჯმენტი, საინვესტიციო საქმიანობა და მისი საქმიანობის მონიტორინგი, აუდიტიც“, – განაცხადა აკაკი ცომაიამ.
ეკონომიკის ექსპერტის განმარტებით, ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, საპენსიო დანაზოგებიდან ინვესტიცია რისკიან პროექტებში განხორციელდეს, მათ შორის გაიცეს კრედიტები. შესაბამისად, საქართველოში საპენსიო დანაზოგი რისკიან აქტივად იქცევა.
“უშუალოდ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას საინვესტიციო საბჭოს წევრების მეშვეობით და შეუძლია, ძალზედ რისკიან პროექტებში განახორციელოს ინვესტიციები, კრედიტების გაცემაც კი შეუძლიათ. შესაბამისად, საპენსიო დანაზოგები ნამდვილად ძალზედ რისკიანი აქტივები იქნება საქართველოში, თუ ამ კანონპროექტმა მიიღო კანონის სახე“, – დასძინა მან.
როგორც დაგეგმილი ცვლილებიდან ირკვევა, რისკების მართვის ნაწილი მმართველი საბჭოს ფუნქციაში შევა, რომელიც თავის მხრივ, შედგება 15 წევრისგან, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაამტკიცებს. ცომაიას თქმით, რეფორმა შეიცავს კორუფციის და გაუმჭვირვალობის ნიშნებს და შესაძლოა, ერთ დღეს თითოეული მოქალაქის დანაზოგი უბრალოდ „აორთქლდეს“.
“აქ თვალნათლივ ჩანს კორუფციის ნიშნები. საინვესტიციო საქმიანობა იქნება გაუმჭვირვალე თუ კანონპროექტი ძალაში შევიდა და უნდა გვქონდეს მოლოდინი, თუ ეს ხელისუფლება დარჩა მართვის სადავეებთან, ერთ მშვენიერ დღეს საპენსიო დანაზოგები უბრალოდ აორთქლდება. თვითონ საბჭოს წევრები განაგებენ რისკების მართვის მიმართულებას, ამ წევრებს მთავრობა ამტკიცებს და რამდენად შეიძლება ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელსაც აქვს საპენსიო დანაზოგები, ჰქონდეს იმ საბჭოს წევრის იმედი, რომელსაც მთავრობა დანიშნავს და რომელსაც თავადვე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა აკაკი ცომაიამ.
შეგახსენებთ, მთავრობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს, კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა. კანონპროექტის თანახმად იცვლება მმართველობითი სისტემა, კერძოდ, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება და მათ ნაცვლად იქმნება ერთი ორგანო „მმართველობითი საბჭო“.
მმართველი საბჭო განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის, რისკების, ინვესტიციები მართვას და აუდიტსაც თავად განახორციელებს. საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეთა დაგროვებული პენსია შესაძლოა, გაიცეს კრედიტების სახით სხვადასხვა პროექტისთვის. გარდა ამისა, იზრდება „საპენსიო ფონდის“ მართვის საკომისიოც 0.5%-დან 0.75%-მდე, რაც გამოიწვევს “საპენსიო ფონდის“ ბიუჯეტის ზრდას.