“სად იყო გიორგი გახარია, სად არის და სად არიან მისი პარტიის წევრები,”- ასე უპასუხა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კითხვას, რატომ არ ესწრებოდა „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ოპოზიციის ლიდერთა ერთობლივ შეკრებას, სადაც სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.
ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა “გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, სადაც მან თქვა: “მოთხოვნაა, რომ საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ ჩავატაროთ არჩევნები, ასეთ საჩუქარს “ოცნებას” ვინც უკეთებს, ან ადეკვატურობა აკლია ან სასარგებლო იდიოტები არიან”.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას კრიტიკას არ მიიღებს, რადგან მიუხედავად მრავალჯერ მიპატიჟებისა, ის ერთობლივ შტაბში კონსულტაციებზე არ მიდის.
“გახარიას ამ კრიტიკას ვერ მივიღებ. სულ პირველი ისაა, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდზე დავდექით, იმიტომ, რომ ყველას მოგვპარეს არჩევნები. ჯამში ოპოზიციამ გაიმარჯვა და უნდათ, რომ ეს გამარჯვება აგვწაპნონ. ამიტომ შევქმენით შტაბი და გავაერთიანეთ ძალისხმევა. ამ ძალისხმევაში გახარია რატომ არ არის, არ ვიცი. ღიად არის მისთვის შეთავაზება. უფრო მეტიც, ჩვენ რაღაცაზე ვიკრიბებით, ვმსჯელობთ, ვპატიჟებთ ყოველ ჯერზე გახარიას ან მის წარმომადგენლებს. მოვიდეს და გვითხრას უკეთესი აზრი. ყოველ ჯერზე ვეძახით, ვურეკავთ მასაც და მის წარმომადგენლებსაც, ვეუბნებით, რომ აქა და აქ ვიკრიბებით, ჩვენი კოალიციის ოფისი, რომელიც ერთობლივ შტაბად გადაკეთდა. მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი რასაც ფიქრობ. ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ და დაგვარწმუნე. ჩვენ რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ და შემდეგ გამოდგება და გვლანძღავს. ეს რა წესია? – მოვიდეს, არავინ კარს არ უჭედავს.
ყველას უნდა, რომ ვიღაცას ხელი შეაწმინდოს და არავის არ უნდა მოქმედება. ჩვენ ვმოქმედებთ, ვფიქრობთ და რაღაცებს ვაკეთებთ. თუ არ მოგწონს, მოდი შე დალოცვილო და დახურულ კარს მიღმა გვითხარი შენი აზრი. რა არის ეს, რა პრანჭვაა? რაღაცას ვიტყვით, არ მოდის და შემდეგ დგას და იქიდან გაბუტული გენიოსივით რაღაცებს გეუბნება. არ გამოდის ეს ამბავი, მოდი, დაჯექი კაცურად, განსაცდელშია ქვეყანა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას უკვე აქვს გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების პაკეტი და ის პრეზიდენტსა და საერთაშორისო საზოგადოებას გადაეცემა.
“დღეს და ღამეს ასწორებდა სამივე პარტიისა და კოალიციის ჯგუფები, როგორც ვიცი გახარიას ხალხიც მუშაობდა, რომ მტკიცებულებები შეგვეკრა. შევკარით, ეს ყველაფერი განცხადებასთან ერთად გადაეცემა პრეზიდენტს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. ორ საქმეს ვაკეთებდით ამ ხნის განმავლობაში. ერთი, უცხოელებს ვეკონტაქტებოდით, იქიდან იყო მოთხოვნა, რომ მოგვეცით მტკიცებულებები, შეგვაიარაღეთ მტკიცებულებებით. მუშაობა მიდის, მაგრამ უკვე საკმარისი პაკეტი მტკიცებულებების იმის დასადასტურებლად, რომ გაყალბებას ჰქონდა სისტემური ხასიათი. მაგალითად, ფარულობა დაირღვა ტოტალურად. კამერები ეყენათ და პირდაპირ აკონტროლებდნენ ვინ ვის აძლევდა ხმას, მათი მორეკილი ხალხი 41-ს ხაზავდნენ თუ არა. მთავარი კონსტიტუციაში რაც წერია ისაა, რომ არჩევნები უნდა იყოს ფარული. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც გვაქვს, კარუსელის მტკიცებულებებიც გვაქვს, პასპორტებში ჩაკეცილი პირადობის მოწმობები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.