ვინ არის გია კობახიძე:
გია კობახიძე – ქართველი პოლიტიკოსი, ფიზიკოსია.
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
1972-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაგბის გუნდის კაპიტანი.
1974-1976 წლებში იყო საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი.
1977-1978 წლებში იყო ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის ინჟინერი.
1978-1985 წლებში იყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, 1985-1992 წლებში იყო მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
არის 11 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია “.
ეკავა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა 1995-1999 წლებში.
იყო კოალიცია “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი.
პოლიტიკიდან წავიდა 2015 წელს.
როგორც განმარტა, ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ პარტიაში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის შესაძლო დაკავებას უკავშირდებოდა.
“მე ძალიან მახარებს ეს გადაწყვეტილება. ჩემი შვილის მიმართ ჯერ არის მხოლოდ შეთავაზება. იმედი მაქვს, პოლიტიკური საბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და ირაკლი კობახიძე შეთავაზებულ თანამდებობას დაიკავებს.
ეს გადაწყვეტილება მე გარკვეული ვალდებულებების წინაშე მაყენებს. ვარ ადამიანური, პოლიტიკური და ყველა ნორმისა და ეთიკის დაცვის მომხრე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩამოვშორდე პოლიტიკას. ჩემი საქმიანობა იქნება ექსპერტობა, სწორედ სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე”, – განაცხადა გია კობახიძემ 2015 წელს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
გია კობახიძეს ჰყავს მეუღლე თამარ ზაალიშვილი და ორი შვილი: ირაკლი და ქეთევან კობახიძეები.
გადავწყვიტე ახალი რუბრიკა – პოლიტიკური ქილერები (მკვლელები) გავაკეთო და ეს ცინცხალი რუბრიკა ექსკლუზიური უფლებითა და დიდი დამსახურებით, მამა-შვილ გიორგი (გია) და ირაკლი კობახიძეებს გავახსნევინო.
ჯერ კიდევ გორბაჩოვის გარდაქმნის პერიოდში, როდესაც საქართველოს ეროვნული მოძრაობა პირველ ნაბიჯებს დგამდა (განმარტებისთვის – ეროვნული მოძრაობა მხოლოდ ის იყო, რომელსაც სათავეში ედგა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. სხვა ყველაფერი დანარჩენი იყო ეროვნულობის ნიღაბს ამოფარებული სპეკულანტების პოლიტიზირებული ბანდები) ასპარეზზე გამოვიდა მაფიოზური პარტია – ედპ. მის რიგებში გამორჩეული ადგილი ეკავა გიორგი კობახიძეს და მაფიოზთა რიგებში მას ვერაგობაში კონკურენციას მხოლოდ ორი ადამიანი უწევდა – ძმები ედუარდ და თენგიზ გუდავები, მაგრამ გიორგი კობახიძის უპირატესობა ის იყო, რომ ის თბილისში იყო და აქ ანთხევდა შხამსა და ბალღამს, ძმები გუდავები კი უფრო შორს იყვნენ – ნიუ იორკში, მიუნხენსა და პრაღაში. მაგალითი გნებავთ? ცნობილი პრაღის ნომერ 24-ე რეზოლუცია, რომელშიც ზვიად გამსახურდია გამოაცხადეს საქართველოს ეროვნული უმცირესობების მჩაგვრელ დიქტატორად და ეს მაშინ, როდესაც გამსახურდიას არანაირი თანამდებობა არ ეკავა. უფრო მეტიც, გიორგი კობახიძეს პირდაპირ შეჯიბრი ჰქონდა გამოცხადებული ძმებ გუდავებთან, ვინ უფრო მეტ სიბინძურეს გაავრცელებდა ეროვნულ მოძრაობასა და ზვიად გამსახურდიაზე.
დააკვირდი, მკითხველო, ისტორია მეორდება. გუშინ მამა კობახიძე, დღეს – შვილი კობახიძე. შეაპირისპირეთ მაშინდელი და დღევანდელი დრო ერთმანეთს. სწორედ ამ მეხსიერებამ დამაწერინა ეს წერილი.
…1990 წლის 21 ოქტომბერია. გიორგი კობახიძე თავის ამფსონებთან, ჯაბა იოსელიანთან და ირაკლი წერეთელთან ერთად ტელევიზიაში გამოდის. ეს ხდება საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე და ზვიად გამსახურდიას მისამართით აცხადებს, რომ თითქოს გამსახურდიამ ტერორისტი მიუგზავნა მოსაკლავად „ედეპს“ მოთავეს, გია ჭანტურიას. მათ ეკითხებიან – მტკიცებულებები გაქვთო? რა თქმა უნდა, ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარადგინეს. ამის შემდეგ ხდება ზვიად გამსახურდიას არჩევა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ედეპეშნიკები ისე გამწარდნენ ამის გამო, რომ სომხურ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში გია ჭანტურიამ, რომელსაც რჩევებს აძლევდა გიორგი კობახიძე, განაცხადა: ჩვენ თუ ზვიად გამსახურდიას ფიზიკურად მოვკლავთ, ქართველი ხალხი მას მთაწმინდაზე დაკრძალავს, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, გამსახურდია მოვკლათ პოლიტიკურადო. აი, ამათ ერქვათ ეროვნულ-დემოკრატები. აი, რა გარემოცვაში ტრიალებდა და იზრდებოდა „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. აი, ასე ზრუნავდა მისი მამა ახალი ქართული სახელმწიფოსთვის.
როცა „მხედრიონი“ ოპერასთან წამოწვა და შიმშილობა ავტომატით გამოაცხადა, მას კეთილმეზობლობას უწევდნენ იქვე, ოპერის გვერდით, ლენინური კომკავშირის, თბილისის საქალაქო კომიტეტის შენობაში განთავსებული ედეპეშნიკები, თერმოსებით ეზიდებოდნენ მოშიმშილეებთან ჩაის და ყავას და, 1991 წლის თებერვლის ბოლოს, „მხედრიონი“ რომ განაიარაღეს, ედპ ისტერიკაში იყო, შეიარაღებულ დემოკრატებს რას უშვრებითო, უიარაღო დემოკრატია, ავტომატების გარეშე სად გაგონილაო, ასე დემოკრატია არ აშენდებაო. იქ, გიორგი კობახიძის გვერდით, იდგა ახლა „ოცნებაში“ ჩაბუდებული ირაკლი ქადაგიშვილი. ბუნებაში ხომ არაფერი არ იკარგება (მკითხველო, დააკვირდი, რა ხალხი შეკრიბა ოლიგარქმა ივანიშვილმა) და მათი ერთობლივი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად 1991 წლის 2 სექტემბერს მოხდა ის ცნობილი პროვოკაცია კინოს სახლთან, როცა დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით მსუბუქად დაჭრეს ორი ადამიანი და მერე გავეშებულები მილიციის განსაკუთრებულ რაზმს თავს დაესხნენ. ათმა მილიციელმა მძიმე დაზიანება მიიღო. ირაკლი ქადაგიშვილი დღეს ხელს ურცხვად იშვერს ვიღაცებისკენ და გადატრიალებაზე ლაპარაკობს და სამხედრო ფიცის მოღალატე კიტოვანის გვარდიას ამოფარებული, ის და გია კობახიძე გადამტრიალებლებთან იყვნენ ჩახუტებულები. ეს ხომ არ დაგავიწყდათ? მაშინ პატარა ნიკა მელია თქვენს ნამოქმედარს ისრუტავდა. თქვენგან ისწავლა გადატრიალება ნიკა მელიამაც. ახლა არ გინდათ არა, თქვენ რომ გადაგატრიალონ, გაგიტკბათ ხომ მაღალ თანამდებობებზე ყოფნა?! განსაკუთრებით ქადაგიშვილს, ხან საბაჟოს უფროსად, ხან – გუბერნატორად, ახლა კანონმდებლად… ხომ შეგაჩვიათ ტირანმა შევარდნაძემ მაყუთის კეთებას? აი, ვისთან მეგობრობს ოჯახით გიორგი კობახიძე და ვისგან იღებს მაგალითს ირაკლი კობახიძე.
ახლა ვიღაცები (კი, ვიღაცაა სწორედ ანრი ოხანაშვილი) იმასაც მოგვიწოდებენ, წაიკითხეთ ირაკლი კობახიძის წიგნებიო. მე კი მათ გასაგონად ვამბობ, წაიკითხონ ილია, რომელიც ამბობს, „არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა“. მოკლედ, ლოგიკურად და სამართლიანად, ირაკლი კობახიძის მაგალითები იყვნენ მამამისი გიორგი კობახიძე, ედუარდ და თენგიზ გუდავები, ირაკლი ქადაგიშვილი და მარად დაუვიწყარი ქურდი პროფესორი ჯაბა იოსელიანი. აი, რა „უნივერსიტეტი“ დაამთავრეს, აი, როგორ ამზადებენ პოლიტიკურად მკვლელ პოლიტიკანებს.
გავიხსენოთ, როდესაც გიორგი ჭანტურია დააკავეს, მაშინ, როცა მოსკოვში შევარდნაძესთან გარბოდა, მას გამოესარჩლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ჰიტლერელთა ბანდას წარმოადგენს. მათ მუქარის წერილი გამოუგზავნეს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, თუმცა პრეზიდენტისგან სათანადო პასუხი მიიღეს. აი, ნათელი მაგალითი ჰიტლერელებთან მეგობრობისა.
ჭანტურიას დაპატიმრების შემდეგ, პარტიაში მთავარი როლი ეკისრა გიორგი კობახიძეს. ჭანტურიამ დაუბარა კობახიძეს, ვინც სტაბილიზაციისკენ გადადგამს ნაბიჯს, გააგდე პარტიიდანო. წუთი-წუთს ზურგში ჩამცემი დივერსიები დაიწყო კობახიძემ და დაიწყო პრესაზე პოლიტიკური ცენზურის დაწესება. სრულიად მოკრძალებული შენიშვნის გამო გაზეთი „თბილისი“ ბლოკადაში მოაქციეს. გაზეთის რედაქტორს ემუქრებოდნენ კაბინეტის აჭედვით. უწყებრივ გაზეთებში დაიწყეს გამსახურდიას წინააღმდეგ პასკვილების ბეჭდვა. საქარხნო გაზეთებში დაძრწოდნენ და მოითხოვდნენ გამსახურდიაზე ცილისმწამებლური ინფორმაციების დაბეჭდვას. ლიტერატორმა თემურ ქორიძემ ამხილა „ედპ“, რომელიც მერაბ კოსტავას ბოთეს უწოდებდა. მაშინ ედეპეშნიკებმა ვერაფერი უპასუხეს თემურ ქორიძეს, რადგან თემურ ქორიძეს ჰქონდა სათანადო მტკიცებულებები ამის თაობაზე. აი, ასეთი პარტიის ერთ-ერთი მოთავის შვილია ირაკლი კობახიძე, რომელიც აღიარებს კიდეც, არ ვიცი, რას ნიშნავს ეროვნული მოძრაობა და ეროვნული ღირებულებები. ეს ძალზე სახიფათოაო. ვისგან ისწავლა ეს მან?! ვისგან და – თავის მამისგან. გიორგი ჭანტურია ებრძოდა კონსტიტუციურ წყობას. შემდეგ ჯერ სახელმწიფო საბჭოში შეძვრა, მერე – შევარდნაძის იმედის პარლამენტში გადაძვრა და ყველა უბედურებაში, რაც კი დაატრიალა სახელმწიფო საბჭომ და იმედის პარლამენტმა, მონაწილეობდა გიორგი კობახიძეც.
1995-1999 წლებში ის იყო ვიცეს-პიკერი. გახსოვთ ალბათ, ვახტანგ რჩეულიშვილი რომ ეჩხუბებოდა, რატომ დაჯექი ჩემ სკამზეო. მერე ედეპემ რღვევა დაიწყო და დაიშალა. 1999-ში სააკაშვილმა განუცხადა მათ, თქვენი ადგილი მომავალ პარლამენტში არ არისო.
გიორგი კობახიძე მარტო ზვიად გამსახურდიას კი არ ემტერებოდა, არამედ მთლიანად კონსტიტუციურ წყობილებას, მათ შორის მაშინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბესარიონ გუგუშვილს. ის პოლიტიკურად ისე მოკლეს და შეაშინეს, ფინეთში გაქცეული დღემდე საქართველოში ჩამოსვლას ვერ ბედავს. ირაკლი კობახიძემ სწორედ მამისგან ისწავლა პოლიტიკური მკვლელობები. გავიხსენოთ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კვირიკაშვილის წინააღმდეგ მოწყობილ აქციაში მისი ხელიც ერია და პლასტმასის ბოთლნარტყმევი გაუშვეს თანამდებობიდან. არც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დაადგა მისგან კარგი დღე. ძალიან დამამცირებელ მდგომარეობაში ჩააყენა და მერე მთხლესავით გააპარა თანამდებობიდან ისე, რომ მიზეზი ვერავინ გაიგო. მერე გიორგი გახარია მოვიდა. არც გახარია ეხატა გულზე. შეიძულა კიდეც იმიტომ, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ირაკლი კობახიძეს თანამდებობა წაართვეს, გახარია კი შინაგან საქმეთა მინისტრობიდან პრემიერ-მინისტრი გახდა. გახარიამ 20 ივნისს „ოცნების“ რეჟიმი გადაარჩინა დამხობას, მაგრამ როდესაც მან დემონსტრაციულად დატოვა თანამდებობა, „ოცნებამ“, რაც კი თავად ოლოგარქის ხელშეწყობითა თუ დაკვეთით, ცუდი აკეთა, ყველაფერი გახარიას დააბრალა, გავრილოვის ჩამოყვანიდან დაწყებული ყველა პროვოკაცია მისი მოწყობილიაო, იძახის. ახლა, როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძემ ფეხი ვერ აუწყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და, თუ ღარიბაშვილი და კობახიძე შეთანხმდნენ, გახარიას პოლიტიკურად გაასაღებენ ისე, როგორც მალენკოვმა და ხრუშჩოვმა გაასაღეს ბერია ფიზიკურად, ოღონდ ბერიას გასაღების შემდეგ მალენკოვის ჯერიც დადგა და მალენკოვიც მოკლული იქნა. ირაკლი ღარიბაშვილმა კარგად უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ირაკლი კობახიძე არის თანამედროვე ხრუშჩოვი. მან პრეზიდენტ მარგველაშვილს ისე გაუხადა საქმე, რომ ერთი დეპუტატი არ ჰყავს თავისი კანდიდატი, რომ მისი ინტერესები დაიცვას, ასე რომ, ირაკლი კობახიძე ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკური ქილერის როლს ასრულებს, რომელიც პოლიტიკურად კლავს პრემიერ-მინისტრებს. მთელი მისი ძალისმევა ოლიგარქიის ინტერესებშია. ეს ოლიგარქია შევარდნაძის იმედის პარლამენტმა შექმნა, სადაც ერთ-ერთი ირაკლი კობახიძის მამაა – გიორგი კობახიძე, რომელიც ნახევარ მილიონს იხდის მიწის ნაკვეთში და სხვა მის კაპიტალზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ეს პოლიტიკური მკვლელები მოდიან და მოდიან. შვილიც მამის გზას აგრძელებს. ვერ გაძღნენ ქართველი ხალხის ძარცვითა და ჩაგვრით. ვინც ებრძოდა ამ მოღალატეებს, ისინი თითქმის ყველა გაისტუმრეს ამქვეყნიდან. ახლა ვიღაცა იტყვის, სააკაშვილი გაქცეულიაო. ფაშისტი სააკაშვილი შიდა კონკურენციაში დამარცხდა ოლიგარქიასთან. სააკაშვილი კიევშია ფუფუნებაში, ნებივრობს. პოლიტიკური მკვლელები იმისთვის არიან საჭირო, რომ ოლიგარქიული რეჟიმი გაგრძელდეს. ახლა თუ ვინმეს ახსოვს, სააკაშვილის მმართველობის დროს პრემიერმინისტრი გიგა მგალობლიშვილი? ის არც არავის ახსოვს, ისე პოლიტიკურად უგზო-უკვლოდ იქნა დამარხული, კაციშვილმა არ იცის, მისი პოლიტიკური საფლავი სად გათხარეს. ისტორია მეორდება-მეთქი, აღვნიშნე. გავიხსენოთ, ლავრენტი ბერია ეუბნებოდა ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრებს, მე თქვენ ყველანი გადაგარჩინეთო, როგორც გახარია ეუბნება ახლა ოცნების პარტიასა და მთავრობას, გადაგარჩინეთო, მაგრამ ბერიას დაყვედრება რომ მობეზრდათ, გადაგარჩინეთ, გადაგარჩინეთო, მალენკოვმა და ხრუშჩოვმა პირი შეკრეს და მოიშორეს თავიანთი მართლაც გადამრჩენელი. შეიძლება იგივე ტრუკის ჩატარება უნდა თანამედროვე ხრუშჩოვს ირაკლი კობახიძეს, ოღონდ ირაკლი ღარიბაშვილმა კარგად უნდა იცოდეს ის, რომ ბერიას გასაღების შემდეგ მალენკოვის ჯერიც დადგა და მალენკოვიც იქნა პოლიტიკურად მოკლული და პარტიიდან გაგდებული. ირაკლი კობახიძე მმართველ პარტიას ხელმძღვანელობს, ხრუშჩოვიც მმართველი პარტიის ხელმძღვანელი იყო. ისღა დარჩენია კობახიძეს, მოელაპარაკოს ღარიბაშვილს, როგორც ხრუშჩოვი მოელაპარაკა მთავრობის მეთაურს მალენკოვს, ერთად მოეცილებინათ ბერია, ის ბერია, რომელმაც თავად გადაარჩინა ისინი რამდენჯერმე და მადლობა იმით გადაუხადეს გადარჩენილებმა, რომ ბერია პოლიტიკურადაც მოკლეს და ფიზიკურადაც. ახლა პოლიტიკური მკვლელები მეტყვიან, გახარიას ბერიას ადარებთო? აბა, ვის შევადარო, მახათმა განდს, რომელმაც ისეთი პოლიტიკური მემკვიდრეობა შექმნა, რომ აღარაფერი ვთქვათ, მისი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეულ დიდ შრომაზე? ასე რომ, ვისაც შეიძლება შევადაროთ, ეს ლავრენტი ბერიაა. თუ რამეში ჰგავს მას, ეს არის მოწინააღმდეგეების გამოყენებისთვის მზადყოფნა. ვნახოთ, მოახერხებენ თუ არა ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებას, და თუ მოხდა ეს გაერთიანება, გახარიას აუცილებლად ჩაძირავენ. გახარია კოჭებამდე ვერ წვდება ბერიას ინტრიგების ხლართვაში, თორემ რატომ მოიყვანდა თავის პარტიაში შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის რეჟიმების ნარჩენებს?
დაბოლოს, მამა-შვილ კობახიძეების გასაგონად მინდა ვთქვა, ნამეტანი დიდ გულზე ნუ იქნებით. კოკა წყალზე ტყდება. თქვენი კოკის დალეწვის დროც მოვა და დარჩებით მწყურვალე. მასე რომანოვების დინასტიაც ზეიმობდა თავისი ბატონობის სამსაუკუნოვან იუბილეს. თქვენ, როგორც ჩანს, ემზადებით 30 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად, 6 იანვარს ქართველ ხალხზე გამარჯვებისთვის რუსთაველის პროსპექტზე შამპანურები რომ გახსენით ზარბაზანთან და ავტომატებით საზეიმო ზალპები რომ მოაწყვეთ. მაგრამ გაიხსენეთ, ასეთ იუბილეს რა მოჰყვა, რა მოხდა რომანოვებისთვის ეკატერინბურგის ერთ-ერთი სახლის სარდაფში და როგორ მოეღო ბოლო მათ დინასტიას.
ყველა უბედურებას რომ თავი დავანებოთ, სენაკში შვილი დედას რომ ვერ ასაფლავებს იმის გამო, რომ ის სახელმწიფო, რომლის მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხარ შენ, ირაკლი კობახიძე, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საშუალებას არ აძლევს ჭირისუფალს და იქით ემუქრება სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებით, მაგრამ თქვენ მგლოვიარე შვილის მდგომარეობა არ გაინტერესებთ. მხოლოდ იმით ინტერესდებით, რაც უფრო მეტ ძალაუფლებასა და კეთილდღეობას მოგიტანთ.
პოლიტიკურად მკვლელო პოლიტიკანო, ირაკლი კობახიძევ, ისე გათავხედდი ბიძინა ივანიშვილის გასაოცარი დემოკრატიის პირობებში, რომ ისიც კი იკადრე, ეკლესიამ აქეთ გამომიგოროს კოჭიო. კოჭი არა, მაგრამ თქვენი ბოროტმოქმედებების გამო დიდი პოლიტიკური ლოდი კი დაგედებათ მამა-შვილს გულზე.
წყარო: alia.ge