საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ მეოთხე ტურის მატჩს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნულ დაპირისპირებაში ჩვენს გუნდს გიორგი ქოჩორაშვილი დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება.
ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:
გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე.
შეგახსენებთ, გასვლით შეხვედრაზე საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები ანგარიშით – 1:0 დაამარცხა.
როგორც ცნობილია, უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან. ჯგუფში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამ დროისთვის, 6 ქულა აქვს. 6 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებსაც, რომელიც საქართველოს ნაკრებს ალბანეთის დამარცხების შემდეგ გაუთანაბრდა. 3-3 ქულა აქვს ალბანეთს და უკრაინას.