ბავშვებში ბოლო პერიოდში ფსიქოგენური ცხელების შემთხვევებმა იმატა – ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
ექიმის განმარტებით, ფსიქოგენური ცხელების გამომწვევ მიზეზებს შორის, სხვა ფაქტორებთან ერთად, შესაძლოა ეკრანზე დამოკიდებულება და გაჯეტების ჭარბი გამოყენებაც იყოს.
თემურ მიქელაძის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის მდგომარეობა იმდენად რთულდება, რომ სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსსაც მიაღწიოს.
პედიატრი მშობლებს მოუწოდებს, ასეთ დროს ბავშვის მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და ტემპერატურა სწორად გაზომონ.
მისი რეკომენდაციით, სხეულის ტემპერატურის გასაზომად უმჯობესია ელექტროთერმომეტრის გამოყენება, ვიდრე ვერცხლისწყლის თერმომეტრის.
ექიმი ასევე ხაზს უსვამს ბავშვის ყოველდღიურ რეჟიმში ეკრანთან გატარებული დროის კონტროლის მნიშვნელობას.
