არსებული ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივნისს, ქვემო ქართლის პოლიციაში ანონიმური ზარი შევიდა, რომლის მიხედვითაც, ქალაქ მარნეულში, ერთ-ერთი სილამაზის სალონში არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომელსაც იძულებით აქორწინებდნენ.
“კაბა დედამ ჩამაცვა. დამაძალეს, სხვა გზა არ მქონდა. არ ვიცნობდი იმ ბიჭს, ვისაც მაყოლებდნენ. 2-ჯერ ვნახე სულ იოსებ იბრაგიმი. აზრი არავის უკითხავს ჩემთვის. მე სწავლის გაგრძელება მსურდა. სახლში ყველას ვთხოვდი დახმარებას, არ გამათხოვოთ-მეთქი და უარს ამბობდნენ, მამას დაუჯერეო. მე რომ გათხოვებას ვაპროტესტებდი მამა მცემდა, სულ გვერდებში მირტყამდა. რომ ვეუბნებოდი და ვეხვეწებოდი არ მცემო-მეთქი, მეუბნებოდა, რომ ვარცხვენდი ოჯახს. ნიშნობის დღის მერე შიშით ველოდებოდი ქორწილის დღეს. ყოველ დღე შიშში ვცხოვრობდი. დანიშნეს ქორწილი – 5 ივნისს. სილამაზის სალონში ძალით წამიყვანეს, რომ მაკიაჟი გაეკეთებინათ და გაველამაზებინე. სულ ვტიროდი” – განაცხადა 17 წლის გოგომ.