“მე ახლა წამებულს ვგევარ?! – წამებულს კი არ ვგავარ, ვერანაირი ტყუილებით, ვერანაირი შუქის ჩაქრობით, ოფისებიდან გამოგდებით, ვერანაირი სუს-ის მეთვალყურეობითა და თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, რადგან როდესაც მმართველი პარტია, ხელისუფლება იმდენად შეშინებულია, რომ თხზავს ტყუილს, შემდეგ ამ ტყუილს ავრცელებს მის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, შემდეგ ამ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ტყუილზე მისივე პოლიტიკოსები იწყებენ კომენტარების კეთებას, ეს რას ნიშნავს? ეს არის უბრალოდ დაგეგმილი კამპანია, რომ მმართველმა ძალამ თავისი მხარდამჭერები, თავისი პარტიის წევრები დაარწმუნოს, რომ ჯერ კიდევ ჯანზეა და რაღაც შეუძლია, ეს ნიშნავს შეშინებულ ხელისუფლებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე შეფასებით, როდესაც მმართველი პარტია შეთხზული ტყუილებით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია.
„როდესაც ხელისუფლება, მმართველი პარტია შეთხზული ტყუილებით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია. ამიტომ მე წამებულის მანტიას კი არ ვირგებ, გეუბნებით, რომ პარტია „საქართველოს“ დღეს ჰყავს ყველაზე განათლებული, ყველაზე კეთილსინდისიერი, ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე ეფექტიანი და ეფექტური ადამიანები თავის რიგებში. ამ ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ეს ადამიანები, ახალგაზრდა პოლიტიკოსები, ყველანაირი შიშის გარეშე, პირველად სხდებიან ეთერებში, დებატებში გამოცდილ პოლიტიკოსებთან და იგებენ ამ დებატებს. უფრო მეტიც, იწვევენ მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც. ნუ ღელავთ, ახალ ოფისს ავიღებთ“, – განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.