“ფეისბუქ” – ჯგუფში ,,ჩვენ ამერიკაში” სოციალურ ქსელის მომხმარებელი მარი არბოლიშვილი ვრცელს პოსტს აქვეყნებს, სადაც ემიგრაციის სირთულეებზე საუბრობს.
„9 წლის წინ…
როდესაც გადავწყვიტე (ემიგრაციაში) წამოსვლა…
ჩემმა რამდენიმე ნაცნობ-მეგობარმა მირჩია, რომ არ უნდა წამოვსულიყავი, აქედან დასტრესილები და ჯანმრთელობა შერყეულები ბრუნდებოდნენ… რა თქმა უნდა, არ დავიჯერე (მე ხომ ძალიან მაგარი გოგო ვიყავი) და წამოვედი.
თავიდან ყველაფერი რიგზეა, მხოლოდ მონატრება გკლავს, მაგრამ ინტერნეტის საშუალებით ამ მონატრებას ასე თუ ისე კლავ. მათ ცხოვრებას თვალს ადევნებ, როგორ იზრდებიან, ან ვითარდებიან შენი საყვარელი ადამიანები…
სოციალურ ქსელში გიპოსტავენ, თბილ-თბილი და ამაღელვებელი სიყვარულით… და ფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად არის. გადის პერიოდი პოსტებიც და მესიჯებიც დროთა განმავლობაში იკლებს. იშვიათად გწერენ, მაგრამ ეს იშვიათობაც გულს გითბობს.
მართლა ყველაფერი კარგად არის, სანამ საბუთს გააკეთებ და რეალობას შუბლით შეეჯახები.
ამ პერიოდში, როცა დასვენების დღე გაქვს, გარეთ გადიხარ და ერთი ქალაქის სხვადასხვა ადგილას სახეზე მიკერებული ბედნიერი ღიმილით, ლამაზ სურათებს იღებ.
და შენზე ფიქრობენ, რომ:
„ამას რა უჭირს, ნახე, რა ფოტოებს იღებს?! სხვადასხვა კაფეში ლამაზ და გემრიელ ყავას სვამს, (გემრიელად იმიტომ ეჩვენებათ, რომ ცდილობ ლამაზად გადაიღო, ფერი დაადო და მზადაა), ამას რა უჭირს, ევროებზე მუშაობს…
გადის პერიოდი, დიდი წვალებისა თუ ნერვიულობის ფონზე საბუთს აკეთებ და საქართველოში მიდიხარ. ისიც მაშინ როცა შეძლებ, რომ ყველა უბრალო ნაცნობსაც კი საჩუქარი წაუღო. მიდიხარ მინიმუმ ორი ჩანთით.
აეროპორტში მინიმუმ ორი მანქანით გხვდებიან და ეს გაბედნიერებს. ფიქრობ, როგორ უხარიათ შენი ნახვა… ჯდები მანქანაში და ბედნიერების ცრემლები გახრჩობს. შენი საყვარელი ქალაქი შეცვლილია, გალამაზებულია. ახალ -ახალი შენობებია და ცრემლნარევი ხმით კითხულობ – “ეს რა არის? როდის აშენდა? ვინ ააშენა?” და ა.შ…
მიდიხარ სახლში და ბედნიერი ხარ უფრო, როცა ჩანთას ხსნი და საჩუქრების დარიგებას იწყებ, ეს მომენტი ისე გაბედნიერებს, რომ ცაში დაფრინავ. შენთვის ეს ყველაფერი სიამოვნებაა და მათთვის კიდე უბრალო ნაჭერია. (ეს უბრალო ნაჭერი რა შრომის ფასად იყიდე, ეს მხოლოდ შენ იცი, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევ, რადგან შენ ხომ გგონია, რომ მათ აბედნიერებ?!). და ამ დროს ისინი გაღიმებულები გიყურებენ და გულში ფიქრობენ, რომ “უნდა ჩამომიტანოს, რატომაც არა!” გულის სიღრმეში მეტსაც ელოდებიან შენგან!
მოკლედ, გადააგორებ ემოციებით დატვირთულ ღამეს… დილით იღვიძებ ( თუ შეძელი დაძინება) და ხვდები, როგორი უცხო ხარ ყველასთვის…შენი ადგილი აქ აღარ არის, მაგრამ მაინც იღიმი. იმის ადგილიც კი არ არის, რომ შენი პირადი ნივთები ამოალაგო, ერთ თაროსაც არ გამოგიყოფენ… 10 დღით… ხვდები, რომ საკუთარ სახლში ძალიან უცხო სტუმარი ხარ… მითუმეტეს, მაშინ როცა მშობლები ცოცხალი აღარ გხვდება.შენი ოჯახის წევრების მეგობრები უფრო კომფორტულად გრძნობენ შენს სახლში თავს, ვიდრე შენ. სიმშვიდეს მხოლოდ მშობლების სასაფლაოზე გრძნობ. ცივი ქვიდან მომღიმარი გიყურებენ და იქ არ ხარ მხოლოდ სტუმარი. იქ არ გრძნობ ზედმეტად თავს, მათგან უმადურობას არ გრძნობ და შვებულების ძირითად დროს მათთან ატარებ…
და ამის მერე ხვდები, რომ
იქ… იქ ემიგრაციაში არის შენი ადგილი, ის უცხო ხალხი უფრო გაფასებს, ვიდრე შენი „სიყვარულით მოლოდინე ახლობლები” და დღეებს ითვლი, როდის გიწევს დაბრუნება…
და ბოლოს, წლების მერე შეიძლება, ისე შეგიქმნან სიტუაცია, რომ იქ სადაც გაიზარდე, სადაც შენი აკვანი ირწეოდა, სადაც პირველი ნაბიჯი გადადგი მამისკენ, სადაც პირველად თქვი დედა… შეიძლება, იქ აღარ მიხვიდე, შვებულება სხვაგან გაატარო… განა იმიტომ, რომ ვინმემ შეგაშინა, არა იმიტომ, რომ გულისტკენა აირიდო თავიდან…
და შენ თუ დღეს ფიქრობ, რომ წახვიდე და თავს უშველო ნუ წამოხვალ ემიგრაციაში.
თუ არ გინდა რომ… გული გეტკინოს!
თუ არ გინდა რომ… სულიერი ტრავმა მიიღო!
თუ არ გინდა, რომ… იგრძნო რა არის იმედგაცრუება!
თუ არ გინდა, რომ…
ბევრი „თუ არ გინდა რომ“-ის დაწერა შემიძლია… მაგრამ გეხვეწებით, ნუ წამოხვალთ! ნუ დატოვებთ საყვარელ ადამიანებს!!!
მოეფერეთ ერთმანეთს და დატკბით ერთად ყოფნით!!!“