მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა.
დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა.
მერაბმა საკმაოდ რთული გზა გაიარა წარმატების მისაღწევად. ამერიკაში ჩასვლის პირველ წლებში ის ფიზიკურად მუშაობდა:
“თავდაპირველად, მოყვარულებში ვჩხუბობდი, პროფესიონალებში გადაბარგების შემდეგაც მიზერულ თანხას მიხდიდნენ, რადგან საბუთები არ მქონდა და ისევე, როგორც ყველა ემიგრანტი, მეც ვმუშაობდი… პროფესიონალი მებრძოლი ვარ, არც სახელმწიფო მაფინანსებს და არც რომელიმე ფედერაცია. ამიტომ, რაც ჩამოვედი, სულ ვმუშაობდი მშენებლობაზე – დილიდან-საღამომდე, სამსახურის შემდეგ კი – ვვარჯიშობდი. მიზნად UFC-ში ბრძოლა მქონდა და უფლის წყალობით, ეს ოცნებაც ავისრულე.
ჩემთან ერთად, კიდევ რამდენიმე ბიჭი იყო ჩამოსული – ჩემზე წარმატებულები და პერსპექტიულები იყვნენ, მაგრამ… მუშაობის და სპორტის შეთავსება ვერ შეძლეს და ვარჯიშს მალევე დაანებეს თავი. იოლი არც ჩემთვის ყოფილა, მაგრამ უფლის წყალობით, მიზანს მაინც მივაღწიე” – განაცხადა მან Sportall.ge-თან ინტერვიუს დროს.