ლიტერატურის მოყვარულებისთვის კარგად ცნობილია ფეისბუქ გვერდი “წიგნის ჭიები”, რომელშიც მომხმარებლები ამ სფეროს სიახლეებს პოსტავენ ხოლმე. წიგნის – “შენ მარტო არ ხარ” ავტორმა, ლაშა მარგიანმა ასეთი ისტორია გაუზიარა მკითხველს.
ლაშა მარგიანი: ერთმა ადამიანმა დაგვირეკა, ბიჭმა, ძალიან მჭირდება თქვენი წიგნი და თუ შეიძლება, ბოდიშის მოხდით, ახლა რომ მოვიდე ადგილზე და გამოგართვათო.
ზოგადად, ამ დროს არასდროს არავის ვატანთ ადგილიდან წიგნებს და ისედაც, ადგილზე ძალიან იშვიათად შეგვიძლია დავხვდეთ ვინმეს, სულ საკურიერო კომპანიით ვსარგებლობთ, მაგრამ რაღაცნაირად გულმა არ გამიშვა უარზე და დავთანხმდი.
შეაგვიანდა, საკმაოდ, გზაც არევია ტაქსს, ოღონდ მართლა არევია და ბოლოს როგორც იქნა, მოვიდა.
ჩავედი, ჩავუტანე წიგნი, ხელი ჩამოვართვი და წიგნი გავუწოდე, საგულდაგულოდ შეფუთული, მისი სიყვითლე არ ჩანდა.
მოერიდა გახსნა, ნასვამი იყო, გამომხედა, რამდენიმე წამიანი მდუმარე პაუზის შემდეგ, იცი, რა ცუდად ვარ, შეიძლება ჩაგეხუტოო?
გამეღიმა, ყველაზე ნაკლებად ველოდი ამ სიტყვებს,
კი ძმაო – მეთქი და გადავეხვიეთ ძმურად ერთმანეთს.
მერე ნაბიჯი უკან გადადგა, რაღაცნაირად ფრთხილად და ნელა, ვგრძნობდი, რომ თან საუბარი უნდოდა, თან ერიდებოდა, მეც აუცილებლად უნდა ამოვბრუნებულიყავი სახლში, ახლაც ვმუშაობ, ამ წუთებში და დრო ფიზიკურად არ მქონდა, ისიც სადღაც მიდიოდა,
იმასაც ვგრძნობდი, რომ სხვა დროს და სხვა ადგილას სხვანაირად შევხვდებოდით ერთმანეთს და ეს პოეტურობა იქ აღარ იქნებოდა, ეს რამდენიმე წუთი აქ და ახლა დარჩებოდა სამუდამოდ.
იცი, ბევრი ადამიანი ცდილობს ჩემს დახმარებას, გამხნევებას, მაგრამ შენი წიგნიდან რომ წავიკითხე ამონარიდები – და აქ გაჩერდა, ბევრი რამის თქმა უნდა ალბათ და ამ დროს ყველაზე ძნელია სიტყვების პოვნა,
ხომ ხვდები, სხვანაირად იმოქმედა ჩემზეო, ამით დაასრულა, საუბარი დაასრულა, თორემ ფიქრებში კიდევ ბევრ რამეს ფიქრობდა.
ძალიან უბრალოდ ეცვა, უბრალოდ იდგა, უბრალო ახალგაზრდული იერით, ჩემზე კი არ ცდილობდა რამე შთაბეჭდილების მოხდენას, პირიქით, მე მომერიდა ჩემი სტატუსის, მის წინაშე, როგორც წიგნის ავტორი ისე ვიდექი, არადა, მინდოდა, მეც მასავით უბრალო ვყოფილიყავი იმ მომენტში.
იმედი მაქვს, ჩემს წიგნში იპოვნი რაღაც ისეთს, რაც ადამიანივით მოვა შენთან და მხარში ამოგიდგება – მეთქი,
კიდევ გავუწოდე ხელი, ოღონდ დასამშვიდობებლად, ჩამომართვა, ახლა მე გავიწიე მისკენ ჩასახუტებლად, ჩავეხუტეთ ერთმანეთს და დავემშვიდობე.
სანამ კორპუსის ჭიშკრამდე მივიდოდი, კიდევ მინდა მერე მეორე წიგნის შეძენაო, ეს სიტყვები გამომაყოლა თან.
ძალიან გამიხარდა.
ამოვბრუნდი სახლში, თამარას ვუყვები, ასე და ასე მოხდა, დღის რა ძვირფასი და იშვიათი დასასრულია – მეთქი,
ამ ლაპარაკში აივანზე გავედი და ქუჩაში გადავიხედე, გავიხედე და ეს უცნობი ბიჭი იქვე, ბორდიურზე იჯდა, ლამპიონის ქვეშ და ჩემს წიგნს კითხულობდა.
ცოტა ხანს ვუყურებდი, მერე იმ ცრემლის გემო ვიგრძენი მძაფრად, თვალებიდან რომ არასდროს წამსკდომია,
მხოლოდ ლექსების წერისას რომ მომაწვებოდა ყელში და სანამ დამახრჩობდა, ოთახში შემოვბრუნდი.
…
ერთ ლექსში მიწერია:
“არ ვიცი, როგორს მხედავენ სხვები.
მინდა ქუჩაში გავიდე და იქამდე ვიარო,
სანამ საკუთარ თავს არ წავაწყდები სადმე.”
…
როცა აივნიდან ამ ბიჭს ვუყურებდი, ღამის 11 საათზე, ლამპიონის ძირში, ჩემი გადაშლილი წიგნით ხელში, ქუჩის მტვერით დაფარულ ბორდიურზე მჯდომს, კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ ჯერ კიდევ არის ჩემში რაღაც განსაკუთრებული, რაღაც ისეთი, რასაც შემიძლია მოვეჭიდო.
მე დღეს შენ ამ ადამიანში დაგინახე და გული სიყვარულით ამევსო, თურმე რამდენი ხანი არ მინახავხარ,
ღმერთო.
თურმე მეც რა ცუდად ვყოფილვარ,
თურმე მეც როგორ მჭირდებოდა ჩახუტება.
თურმე მეც როგორ…
გმადლობ, რომ არსებობ, ღმერთო.