მცირე დრო დარჩა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. მართალია, პირველკლასელებისთვის სწავლა გართობასთანაა დაკავშირებული, თუმცა უცხო გარემოში აღმოჩენილებს შიში და იმედგაცრუება ეუფლებათ, ამიტომ მათთვის საკმაოდ დიდ სიძნელეს წარმოადგენს ახალ გარემოსთან და ადამიანებთან შეგუებ. ახალბედა მოსწავლეების მშობლებს ფსიქოლოგები, გაკვეთილების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მისვლას ურჩევენ, რათა პატარას არ მოუწიოს ლოდინი და დღის განმავლობაში მიღებული სტრესის შემდეგ მშვიდად და დაცულად იგრძნოს თავი მშობლის გვერდით.
არ ღირს მცირეწლოვნების ზედმეტად გადატვირთვა, რადგან გონება, რომელიც მხოლოდ იწყებს განვითარებას, აუცილებლად „გააპროტესტებს“ ამგვარ ზეწოლას და გამოფიტვით ან ნერვული შეტევით უპასუხებს. მეტიც, პატარამ შეიძლება საერთოდ აიცრუოს გული სწავლაზე და სამუდამოდ მოიძულოს სკოლა.
მშობელმა, რომელიც თვლის, რომ ბავშვს კოლექტივში, სხვა ბავშვებთან გაუჭირდება ურთიერთობა, აუცილებლად უნდა აუხსნას და დაარწმუნოს, რომ საშიშია არაფერია. შეგიძლიათ სწავლის დაწყებამდე მოაწყოთ შეხვედრა კლასის ხელმძღვანელთან და თანაკლასელებთან, რათა ბავშვებმა ახლოს გაიცნონ ერთმანეთი. ძალიან საინტერესო პრაქტიკად იქცა ე.წ. როლური სავარჯიშოები, მაგალითად, „სკოლობანას“ თამაში, რაც მშობელსაც უქმნის წარმოდგენას, როგორ მოიქცევა ბავშვი ახალ გარემოში და პატარაც იძენს მეტ-ნაკლებ გამოცდილებას.
თვითრწმენა
ბავშვი მხოლოდ მაშინაა საკუთარ თავში დარწმუნებული, როცა ერთი მხრივ, ახლობლების სიყვარულსა და მხარდაჭერას გრძნობს, მეორეს მხრივ, საკუთარი შესაძლებლობების სჯერა და იცის, რომ ნებისმიერი სირთულის დაძლევას შეძლებს. თვითრწმენის გასაძლიერებლად მშობლებმა ხშირად უნდა გამოხატონ სიყვარული შვილის მიმართ და დაეხმარონ მას პოზიტიური გამოცდილების შეძენაში. ბავშვმა ადრეულ ასაკშივე უნდა გააცნობიეროს, რომ მონდომებისა და კარგად სწავლის შემთხვევაში ნებისმიერ მიზანს მიაღწევს, არანაკლებ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება და სისტემურ მუშაობას შეჩვევა, რაც სამომავლოდ დროის სწორად ორგანიზებასა და შესასრულებელი საქმის განაწილებაში დაეხმარება.