გარდაცვლილი კინოვარსკვლავის, ალენ დელონის შვილები არ შეასრულებენ მსახიობის სურვილს, რომ მის 10 წლის ძაღლს, ლუბოს, ევთანაზია გაუკეთონ და მასთან ერთად დამარხონ.
ბელგიური მალინუა, სახელად ლუბო, დელონმა 2014 წელს აიყვანა. 2018 წელს მიცემულ ინტერვიუში ფრანგული კინოს ლეგენდამ თქვა, რომ ლუბო საკუთარ ძაღლებს შორის გამორჩეულად უყვარდა.
“თუ მე მასზე ადრე მოვკვდები, ვეტერინარს ვთხოვ, რომ ერთად წაგვიყვანოს. ჩემს ხელებში დააძინებს. მირჩევნია, ეს ვქნა, ვიდრე ვიცოდე, რომ ის ჩემს საფლავზე ამხელა ტანჯვით მოკვდება”. – თქვა დელონმა Paris Match-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
დელონის სურვილთან დაკავშირებით რიგმა ცხოველთა დამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის საფრანგეთის ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ (SPA), შეშფოთება გამოთქვეს.
“ცხოველის სიცოცხლე ადამიანისაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. SPA მის [ალენ დელონი] ძაღლს სიხარულით წაიყვანს და ოჯახს უპოვის”. – წერდა SPA.
20 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახი ლუბოს ევთანაზიას არ გაუკეთებდა. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის, ბრიჯიტ ბარდოს ფონდის სპიკერის თქმით, დელონის შვილმა, ანუშკა დელონმა დაადასტურა, რომ ოჯახი ძაღლს დაიტოვებდა.
“ახლახან ტელეფონზე ანუშკა დელონს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ლუბო ოჯახის წევრია და დაიტოვებენ. ძაღლს არ დააძინებენ”. – თქვა ფონდის სპიკერმა.