მიუხედავად ზაფხულის სეზონისა, თბილისში უძრავი ქონების დაქირავებაზე, მოთხოვნა არ მცირდება. როგორც უძრავი ქონების აგენტი ტატო ტარიელაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ამ ეტაპზე ყველაზე მოთხოვნადი უბნები დიღმის მასივი და საბურთალოა.
კონკრეტულად, რა განაპირობებს აღნიშნული ტერიტორიების მიმართ ინტერესს, უძრავი ქონების აგენტი ამბობს, რომ მიზეზი – სასწავლებლების, საავადმყოფოებისა და გარკვეული სამსახურების ადგილმდებარეობაა.
რაც შეეხება ღირებულებას, ტატო ტარიელაშვილის ინფორმაციით, ფასი ამ ეტაპზე სტაბილურად შენარჩუნებულია, კერძოდ, ბინის ფასი, რომელიც ყველა მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს, 300 დოლარიდან იწყება. თუმცა, სწავლის დაწყებამდე, უძრავი ქონების აგენტი ფასის მატებას ვარაუდობს.
„მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ძირითადად, ადგილობრივების მხრიდან. უცხოელები უფრო აგვისტოს ბოლოს, სექტემბრიდან გააქტიურდებიან, რადგან უნივერსიტეტებში სწავლა იწყება.
ამ ეტაპზე ყველაზე მოთხოვნადი უბნები დიღმის მასივი და საბურთალოა. ალბათ, ამ ტერიტორიების მიმართ ინტერესს სასწავლებლების ადგილმდებარეობა განაპირობებს. ასევე, ზოგი სამკურნალოდ ჩამოდის და კლინიკებთან ახლოს უნდა, ზოგს – სამსახურის სიახლოვეს.
რაც შეეხება ფასს, ამ ეტაპზე სტაბილურად შენარჩუნებულია, თუმცა სექტემბრიდან მოიმატებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ბინის ქირის ფასი 300- 350 დოლარიდან იწყება. ეს არის ისეთი საცხოვრებლის ფასი, რომელიც ყველა მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს“,- ამბობს ტატო ტარიელაშვილი.