2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
„საქსტატის“ მონაცემებითვე, 2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (4.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.6 პროცენტი).
საქსტატის ცნობით, 2024 წლის მე-2 კვარტალში ახალაშენებული კერძო სახლების სეგმენტში 1 კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით ასეთი იყო:
- მთაწმინდა – 4 423 ლარი;
- დიდუბე – 3 583 ლარი;
- ვაკე – 3 375 ლარი;
- საბურთალო – 3 118 ლარი;
- კრწანისი – 3 045 ლარი;
- ჩუღურეთი – 2 797 ლარი;
- ისანი – 2 737 ლარი;
- ნაძალადევი – 2 442 ლარი;
- სამგორი – 2 374 ლარი;
- გლდანი – 2 290 ლარი.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზემოთაღნიშნული ფასები წარმოადგენს გასაყიდ ე.წ. შეთავაზების ფასს.