მიწისძვრა ბუნებრივი მოვლენაა და ის დედამიწაზე ოდითგანვე ხდებოდა. ისტორიას ბევრი ასეთი გამანადგურებელი შემთხვევა შემორჩა, თუმცა, ზოგადად მიწისძვრის უმეტესი ნაწილი საერთოდ არ არის საშიში. ყოველწლიურად ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 100 000-მდე მიწისძვრა აღირიცხება, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა იმდენად სუსტია, რომ მათ მხოლოდ სპეციალური ინსტრუმენტები (სეისმოგრაფი) აფიქსირებენ. სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე მიწისძვრის დაახლოებით ათი პროცენტის გრძნობაა შესაძლებელი. რაც შეეხება ზიანს, ყოველწლიურად დედამიწაზე საშუალოდ 100 სახიფათო მიწისძვრა შეიძლება დაფიქსირდეს.
მიწა რომელზეც დავდივართ, რომელზეც ჩვენი სახლები და სხვდასხვა შენობებია, მუდმივად მოძრაობს — ფილების ტექტონიკის მიხედვით, დედამიწის ლითოსფერო, რომელიც ნაკლებად ბლანტ ასთენოსფეროზეა განლაგებული, შედგება ცალკეული დიდი ბლოკებისაგან ანუ ფილაქნებისაგან, რომლებიც მოძრაობაში არიან.
დედამიწას აქვს ოთხი ძირითადი ფენა: შიდა ბირთვი, გარე ბირთვი, მანტია და ქერქი. ქერქი და მანტიის ზედა ნაწილი ქმნის პლანეტის “კანს” — ზედაპირს. თუმცა, ეს “კანი” არ არის ერთიანი და შედგება სხვადასხვა ნაწილისგან.
მეტი მხატვრულობისთვის, წარმოვიდგინოთ დედამიწის ზედაპირი, რომელიც ერთგვარი გიგანტური ფაზლის ნაწილების ერთობას წარმოადგენს. ნაწილები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული და მთლიანობაში დედამიწის ზედაპირს ქმნიან.
კლასიკური ფაზლისგან განსხვავებით, ისინი მუდმივად მოძრაობენ, თუმცა, ეს იმდენად ნელა ხდება, რომ ამას ჩვენ ვერ ვგრძნობთ. სწორედ ფაზლის ეს ნაწილებია ტექტონიკური ფილები — 8 დიდი და 12 პატარა ფილა ქმნის დედამიწის გარე მყარ გარსს.
მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრა დედამიწის წიაღში, რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზე ვითარდება — მას ჰიპოცენტრს ვუწოდებთ.
შედარებისთვის, ფიზიკურად მიწისძვრის არსი ისეთივეა, როგორიცაა ჭექა-ქუხილის. ჭექა-ქუხილისას ერთმანეთს ეჯახება ღრუბლები და ხდება დაელექტროება. მიწისძვრისას კი, სიღრმეში ხდება ბლოკების გადაადგილება, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ამ ძლიერი ბლოკების “შეჯახების” შედეგად წარმოიქმნება ძვრები. ყოველი ეს “შეჯახება” თუ “ხახუნი” განსხვავებულ ენერგიას წარმოქმნის, რასაც ზედაპირზე სხვადასხვა ეფექტი აქვს. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება.
შესაბამისად, რასაც ჩვენ მიწისძვრას ვეძახით, ეს არის ძლიერი ვიბრაციები, რომელიც გამოწვეულია პლანეტის ლითოსფეროში მიმდინარე პროცესებით.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, დედამიწის ფილები მუდმივად მოძრაობენ. აქედან გამომდინარე, არსებობს სამი ტიპის “მიწისძვრა” — საუბარია, გადაადგილების მიმართულების მიხედვით სამი სახის ფილების კიდეებზე, იგივე საზღვარზე: დივერგენტული, კონვერგენტული და ტრანსფორმული.
დივერგენტული — ფილების დივერგენტული საზღვრების დროს ფილები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოძრაობენ. დივერგენტული საზღვრები იყოფა ოკეანურ და კონტინენტურ დივერგენტიულ საზღვრებად. ოკეანურ დივერგენტული საზღვარი მდებარეობს ოკეანური ლითოსფეროს ქვემოთ. კონტინენტურ-დივერგენციული საზღვარი ჩნდება კონტინენტური ფილაქნის ქვემოთ. ორი ფილაქნის გაჭიმვით მოძრაობისას ყალიბდება რღვევები და მიწისძვრები.
კონვერგენტული — კონვერგენტული ფილების საზღვრები ეწოდება საზღვრებს, სადაც ფილები ერთმანეთის მიმართ მოძრაობენ. ფილაქანთა ასეთი ტიპის შეჯახებით მოძრაობა იწვევს ვულკანურ აქტივობას და ქერქის დეფორმაციას.
ტრანსოფრმაციული — ტრანსფორმული საზღვრები ეწოდება ისეთ საზღვრებს, სადაც ორი ფილა ერთმანეთის გასწვრივ ჰორიზონტალურად გადაადგილდება. ასეთი ტიპის რღვევები გვხვდება შუაოკეანურ ქედებზე. სახელწოდება მომდინარეობს იქიდან რომ რღვევის გასწვრივ გადაადგილება შესაძლოა უეცრად შეწყდეს ან ტრანსფორმირდეს სხვა სახის გადაადგილებაში
ზემოთ ჩამოთვლილი პროცესები საინტერესოა იმ მხირვაც, რომ ბევრი მთა, კლდე და ოკეანეების ნაკადები სწორედ ასე ფორმირდება.
მიწისძვრა შეიძლება დაფიქსირდეს ბევრგან, თუმცა უმეტესობა მაინც ფილების კიდეებზე, იგივე საზღვრებზე ფიქსირდება — ეს დედამიწის ზედაპირის 10 პროცენტია.
მნიშვნელოვანია მაღალი მთების ფაქტორიც. მთები ლითოსფეროში მიმდინარე პროცესებთან არის დაკავშირებული, ამიტომ, ტერიტორიები, სადაც მათი სიხშირეა, ის ადგილებია, სადაც ყველაზე ხშირად აღინიშნება მიწისძვრების ფენომენი. საქმე იმაშია, რომ ასეთ ტეროტპროებზე ზედაპირები ფორმირების ეტაპზეა და ქერქი ყველაზე მობილურია.
მიწისძვრების მხრივ ყველაზე აქტიურია ე.წ. ცეცხლოვანი რკალის ზონა. ეს ზონა წყნარი ოკეანის გასწვრივ მდებარეობს. როგორც ჩანს, ეს ინკებმა კარგად იცოდნენ და შენობებს ისე აშენებდნენ, რომ მიწისძვრებისთვის გაეძლოთ. მათმა იმპერიამ თავის მწვერვალს მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში მიაღწია და ის სწორედ რკალის ზონაზე გადიოდა. იმპერია მოიცავდა თანამედროვე პერუს, ბოლივიის და ეკვადორის ტერიტორიებს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ზოგადად, უფრო მეტი მიწისძვრა დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ხდება.
ცნობისთვის, არსებობს ე.წ. “მიწისძვრების დედაქალაქი”, რომელიც აშშ-ში კალიფორნიის შტატშია. დასახლებას პარკფილდი ეწოდება, სადაც არის “ხიდი”, რომელიც აკავშირებს დედამიწის ორ ტექტონიკურ ფილას. აქ ყოველ 22 წელიწადში საშუალოდ 6 დიდი მიწისძვრა ფიქსირდება.