“სომხური სამოციქულო ეკლესია ეწევა გარკვეულ საქმიანობას და უნდა გადაიხადოს გადასახადები. ჩვენ მზად ვართ, აკრეფილი გადასახადების 100% უკან დავუბრუნოთ ეკლესიას, და უფრო მეტიც – სოციალური გარანტიების სახით. რატომ არ თანხმდებიან ისინი ამაზე კტრიჭ ნერსისიანის [კათოლიკოს გარეგინ II-ის საერო სახელი] მეთაურობით? იმიტომ, რომ მათ სურთ ჩრდილში მუშაობა და არ უნდათ იყვნენ ანგარიშვალდებულნი არც ეკლესიის და არც სახელმწიფოს წინაშე” – განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ლაივში, სადაც სომხეთის ეკლესიაში რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის – „სამოქალაქო შეთანხმება” საარჩევნო პლატფორმა წარადგინა.
პრემიერის თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ეკლესიის ხელმძღვანელობის ქმედებების გამო, მრევლის ნაწილი ეკლესიას გაუუცხოვდა, რამაც გარე ძალებს მისცა შესაძლებლობა, სომხური სამოციქულო ეკლესია ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად ექციათ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისი პარტიის პლატფორმა ეკლესიის რეფორმირების კონკრეტულ გეგმას მოიცავს:
• ყოვლისა სომეხთა მოქმედი კათოლიკოსის, გარეგინ II-ის გადადგომა
• ადგილისმყოფელის არჩევა
• ეკლესიის ახალი წესდების მიღება
• ფინანსური გამჭვირვალობა და სასულიერო პირების შესაბამისი ქცევის ნორმების დადგენა
• ახალი კათოლიკოსის არჩევა და საერთო რეფორმები ეკლესიის პოლიტიკიდან გამოსაყვანად.
„ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან, მაგრამ ის ვერ იქნება სახელმწიფოს გარეთ,“ – განაცხადა ფაშინიანმა. მისივე თქმით, ეკლესიის ხელმძღვანელობის ქმედებებმა სომხეთის სულიერი ცხოვრება გააუარესა. მანვე აღნიშნა, რომ საბოლოო მსაჯული ხალხია და მათ უნდა გასცენ პასუხი კითხვას: არის თუ არა მისაღები, რომ „კტრიჭ ნერსისიანმა ეკლესია პოლიტიკურ პარტიად აქცია?.. ჩვენი წმინდა ეჩმიაძინი თქვენი ინფექციით წაიბილწა,“ – განაცხადა სომხეთის პრემიერმა და დასძინა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა მოხდეს.
