ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელმა მონაწილე გუნდებმა ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირისგან (Union of European Football Associations), ანუ UEFA-სგან იმაზე ნაკლები თანხა გამოიმუშავეს, ვიდრე სამი წლის წინ.
ინფორმაციას Forbes Sport ავრცელებს.
გუნდების წლევანდელი ბონუსები, რაც ჯგუფური ეტაპის თამაშებითა და პლეი-ოფის სხვადასხვა ეტაპზე გასვლით განისაზღვრება, ევრო 2000-ის ბონუსებზე ნაკლები იყო.
კერძოდ, თუ ჯგუფურ ეტაპზე მოგებისთვის თითოეულმა გუნდმა 1 მლნ ევრო გამოიმუშავა, ხოლო ფრედ თამაშისთვის 0,5 მლნ ევრო მიიღო, სამი წლის წინ ჯგუფში მოგება 500 ათასი ევროთი მეტი, ანუ 1,5 მლნ ევრო, ფრე კი 250 ათასი ევროთი მეტი, 750 ათასი ევრო ღირდა. ასევე, უფრო დიდი იყო პლეი-ოფში გასვლის ბონუსი, რომელიც 2 მლნ ევროს შეადგენდა, მაშინ, როცა ევრო 2024-ზე ეს ოდენობა 1,5 მლნ ევრო იყო.
ევრო 2024-ის მთლიანმა საპრიზო ფონდმა 331 მლნ ევრო შეადგინა, რაც ყველაზე დიდი ისტორიული მაჩვენებელი არ არის, რადგან სამი წლის წინ UEFA-მ 40 მლნ ევროთი მეტი გამოყო. ამასთან, თუ ევრო 2024-ის მაქსიმალური საპრიზო თანხა 28,25 მლნ ევრო იყო, ევრო 2020-ზე ეს ოდენობა 34 მლნ ევროს შეადგენდა.
წლევანდელ ტურნირში მხოლოდ მონაწილეობისთვის 24-ვე გუნდმა UEFA-სგან, მინიმუმ, 9,25 მლნ ევრო მიიღო. ასევე, თითოეულმა გუნდმა, რომელიც პლეი-ოფში გავიდა, 12 მლნ ევროზე მეტი გამოიმუშავა.
ბუნებრივია, ევრო 2024-ზე ყველაზე მეტი თანხა, 28,25 მლნ ევრო ევროპის ახალმა ჩემპიონმა, ესპანეთმა, ხოლო ფინალში წაგებულმა ინგლისმა 24,25 მლნ ევრო გამოიმუშავა. ნახევარფინალისტმა საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა სათითაოდ 20 მლნ ევრო მიიღეს.
ევრო 2024-ის საპრიზო რეიტინგის ათეული ასეთია:
ცნობისთვის: UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ჰამბურგში საპრიზო ფონდის განაწილების სისტემა ევრო 24-ის საფინალო ტურნირში მონაწილე გუნდებისთვის 2023 წლის 2 დეკემბერს დაამტკიცა. საპრიზო თანხამ 331 მლნ ევრო შეადგინა. თანხის განაწილების სისტემის მიხედვით, ტურნირში მონაწილეობა 9,25 მლნ ევროს, მატჩში გამარჯვებისთვის ბონუსი 1 მლნ ევროს, ხოლ ფრეზე 500,000 ევროს შეადგენს. მერვედფინალის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა 1,5 მლნ ევროთი, მეოთხედფინალში 2,5 მლნ ევროთი, ხოლო ნახევარფინალში გასვლა UEFA-ს მიერ 4 მლნ ევროთი ჯილდოვდება. მეორე ადგილზე გასული გუნდი 5 მლნ ევროს იღებს, ხოლო ევროს 2024-ის ჩემპიონს 8 მლნ ევროს ოდენობის ფულადი პრიზით ჯილდოვდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ