საქართველოს მოქალაქეები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით სარგებლობენ.
როგორც საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაში ვკითხულობთ, 2016 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, სოციალურ შეღავათებზე გაწეული ხარჯი 629,746,582 ლარს შეადგენს. ამასთან, ყველაზე მეტი, 47.5% დაიხარჯა საპენსიო დანამატებზე, 18.9% მასწავლებლებისთვის განკუთვნილ სახელფასო დანამატზე, 11.5% – ელექტროენერგიის სუბსიდირებაზე, 9% – ბავშვებზე სოციალურ დახმარებაზე, 6.6% – ექიმებისა და ექთნების სახელფასო დანამატზე, 5.6% – დანამატზე სოციალურ პაკეტზე.
ამასთან, ყოველწლიურად მზარდი იყო ყველა სოციალური შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობა.
როგორც ცნობილია, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანები შემდეგი სახის შეღავათებით სარგებლობენ:
- შვილის შეძენისას ოჯახების სოციალური დანამატი – ოჯახები, რომელთაც კანონის ამოქმედების შემდეგ (2016 წლის პირველი იანვრიდან), შეეძინათ შვილი, იღებენ ყოველთვიურ ფულად დახმარებას, პირველ და მეორე შვილზე – 1 წლის განმავლობაში 100 ლარს, ხოლო მესამე და შემდგომ შვილზე – 2 წლის განმავლობაში 200 ლარს.
- პენსიონერთა დანამატი – მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები იღებენ სახელმწიფო პენსიის 20%-იან დანამატს.
- სოციალური პაკეტის მიმღები პირთა დანამატი – სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებისათვის ყოველთვიური დანამატის გაცემა მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით.
- საჯარო სკოლის მასწავლებელთა დანამატი – მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი (ხელფასის არანაკლებ 35%).
სტრატეგიის მიხედვით, 2023 წელს მაღალმთიან რეგიონებში დაბადებული ბავშვისათვის 8,154,300 ფულადი დახმარება გაიცა. რაც წინა წელთან შედარებით, თითქმის 160 ათასი ლარით მეტია, თუმცა ჩამორჩება 2021 წელს გაცემული დახმარებების მაჩვენებელს.