მარნეულში მომხადარი დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ადგილობრივები “ტვ პირველთან” საუბრობენ, დაინახეს როგორ გამორბოდა დაჭრილი კაცი ბინიდან და შველას ითხოვდა.
მათივე თქმით, ქალმა ეჭვიანობის ნიადაგზე მძიმე დაზიანებები მიაყენა საქმროს და მასთან ერთად მყოფ ქალს.
“დროებით ჰქონია ნაქირავები ამ გოგოს საქმროს ამ კორპუსში ბინა და აყვანილი ჰყავდა ვიღაც სხვა ქალი. არ ვიცი ამას საიდან გაუგია, მიუვარდა და დაზიანებები მიაყენა ჭვიანობის ნიადაგზე. ორ დღეში ქორწილი ჰქონდათ და აბა, რა იქნებოდა. დიდი ამბავი იყო: სასწრაფო, პოლიცია. – ამბობს ადგილობრივი.
შეგახსენებთ, მარნეულში, საცოლემ საქმრო და მისი თანმხლები ქალი დანით დაჭრა.
ცოტა ხნის წინ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ მარნეულში დააკავა ქალი, რომელმაც საქმრო დაჭრა. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი ქალი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 3 პირი: 2000 წელს დაბადებული ნ.ა., 1994 წელს დაბადებული ა.ა. და 1982 წელს დაბადებული შ.ქ. დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად იძალადეს ზ.ჯ.-ზე. ასევე, ნ. ა.-მ ცივი იარაღის გამოყენებით ზ.ჯ.-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებულია კლინიკაში.
სამართალდამცველებმა ნ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ა.ა. და შ.ქ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.