შავი ზღვის დაბინძურების შემთხვევების უმეტესობა უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მოდის, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი, მაია ჩხობაძე აცხადებს.
შეგახსენებთ, 1-ელი ოქტომბრიდან გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 100 000-მდე გაიზრდება. იქამდე დარღვევისთვის საჯარიმო სანქცია 65 ათას ლარს შეადგენდა.
მისი განმარტებით, შავი ზღვის დაბინძურების შემთხვევების რაოდენობა მაღალია. ჩხობაძე მიიჩნევს, რომ ჯარიმების გაზრდას შემაკავებელი ეფექტი ექნება.
„შავი ზღვის თანაზიარია 6 სახელმწიფო და ადეკვატური უნდა იყოს საჯარიმო სანქცია დაბინძურების შემთხვევაში სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემს არ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ გამოიაროს თურქეთი, რუმინეთი, ან ევროკავშირის ქვეყნების აკვატორიები და საქართველოში მოახდინოს ზღვის დაბინძურება იმ ლოგიკით, რომ აქ დაბალია საჯარიმო სანქცია. გაანალიზდა ჩვენი მეზობელი ქვეყნების საჯარიმო სანქცია და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო საჯარიმო სანქცია 65 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე. მცურავი ნებისმიერი საშუალებიდან დაბინძურება, იქნება დაჯარიმებული. რაც შავ ზღვაზე დარღვევებია, ეს არის თევზჭერა თუ დაბინძურება, ფაქტებში ძირითადად იყო უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემები, რომლებიც აბინძურებდნენ შიდა ზღვის აკვატორიას. იმედი გვაქვს, რომ საჯარიმო სანქციის გაზრდა გამოიწვევს შემკავებელ ეფექტს“ , – განაცხადა მაია ჩხობაძემ „კვირას“ პრესკლუბში.