15 ივლისს, ბათუმში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ვერსია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის არჩილ წუწუნავა შეყვარებულის თვალწინ მოკლეს. “კურიერის“ ინფორმაციით, “მოკლული აგრესიული მამაკაცისგან შეყვარებულის დაცვას ცდილობდა. მანამდე თავდამსხმელი ქუჩაში გამვლელებს აგინებდა, შეურაცხყოფას აყენებდა გარდაცვლილის შეყვარებულსაც“.
27 წლის არჩილ წუწუნავას სასიკვდილო ჭრილობები გვიან ღამით, ერთ-ერთი კაფის წინ მიაყენეს. დაკავებული 29 წლის რევაზ ცეცხლაძეა.
როგორც “ტვ პირველთან“ საუბარში ადგილობრივები ჰყვებიან, სავარაუდო დამნაშავე გვიან ღამით, რესტორნის ტერიტორიაზე მუსიკას ხმამაღლა უსმენდა. ამან ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. გარდაცვლილი მამაკაცი მასთან მივიდა და სთხოვა, რომ მუსიკისთვის დაეწია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
“არაფრის გამო მოკლეს ადამიანი. არაფრის გამო. მუსიკა ჰქონდა მაღალ ხმაზე, ქუჩაში ისმოდა. მეზობელი გამოვიდა გარეთ, უნდა დავისვენო, ჩაუწიეო… დაუწყია ჩხუბი: შენ ვინ ხარ, რა შუაში ხარო. დალია, ალბათ. დაახლოებით 3-4 საათი იქნებოდა“ , – აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1997 წელს დაბადებული ა.წ. დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ რ.ც. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.