გლოვოს კურიერს ექიმებმა ფეხი შეუნარჩუნეს. რამდენიმე საათიანი ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა. ხეჩინაშვილის კლინიკის მედიკოსებმა დამსხვრეული ძვლების აღდგენა შეძლეს. თემურ სიგუას ჯანმრთელობა ახლა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ოჯახი პირდაპირ ამბობს, რომ რეაბილიტაცია ხანგრძლივი იქნება, თუმცა გაივლის თუ არა ის ფეხზე, უცნობია.
სპეცფეხსაცმელი დასჭირდებაო, იმიტომ, რომ ტერფზე ვერ დააბიჯებს. ახლა რეაბილიტაცია დასჭირდებაო 5-6 თვე. მაინც ვყოყმანობდი ოპერაციაზე, იმიტომ, რომ ჯერ თქვეს, კონსილიუმი უნდა შედგესო და კიდევ ვიღაც ექიმი ჩამოდისო, მივლინებით არისო გერმანიაში და მერე გადავწყვეტთო და მერე გადაწყვიტეს რვა საათზე, – ამბობს სიგუას დედა.
ქალი ასევე ამბობს, რომ მისი შვილი არა პნევმატური, არამედ ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი, თუმცა შსს ამას მალავს.
დაკავებულები არ არიან, ძებნაში არისო და იმალებაო და მიმდინარეობს გამოძიებაო. მთელი თბილისი იმას ამბობს, რომ შანსი არ არის პნევმატურმა ასე დაამსხვრიოსო, დიდი-დიდი კანი დააზიანოსო. ბევრი ცეცხლსასროლი მინახავს, საოპერაციოში ვმუშაობდი, მშვენივრად მესმის, კარგად დამალონ, – ამბობს სიგუას დედა.
თემურ სიგუას მეუღლე კი ფიქრობს, რომ პოლიცია დამნაშავეებს არ დააკავებს. ქალი პირდაპირ ამბობს, რომ ამ ქვეყანაშ ცხოვრება საშიში ხდება.
ალბათ ვერც მოხერხედება (დაკავება), იმიტომ, რომ ამას ჩვენი პოლიცია ვერ იზამს. ერთადერთი კომენტარი რასაც გავაკეთებ, არის ის, რომ ამ ქვეყანაშ ცხოვრების უნდა გეშინოდეს და არ ვიცი… ახლა მხოლოდ ერთი სადარებელი მაქვს, რომ ჩემი მეუღლე კარგად იყოს, – ამბობს სიგუას მეუღლე.
სისხლიანი გარჩევიდან 48 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ გომელაურის უწყებას არცერთი დამნაშავე არ დაუკავებია. გამოძიება კი ისევ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს
შეგახსენებთ, რომ 36 წლის მამაკაცს თავს რვა ადამიანი დაესხა, სცემა და ფეხებში დაჭრა.