დალმატინელის ჯიშის ძაღლი, რომელიც საქართველოში უპატრონო იყო და შიმშილისგან ძვლებად იყო ქცეული, ამერიკის შეერთებულ შტატებში აიყვანა ოჯახმა.
ისააკი – ახლა უკვე ასე ჰქვია ხვად დალმატინელს, რომელიც გასული წლის ზაფხულში სოფლის გზაზე ეძებდა ლუკმას. მის შესახებ ბათუმის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს აცნობეს – ძაღლი მოგვაშორეთო.
ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს კასტრაციისა და ვაქცინაციისთვის. ამის შემდეგ ისევ ქუჩაში აღმოჩნდებოდა, რომ არა ბათუმელი აქტივისტების ძალისხმევა.
-ძაღლის სანახავად წავედით მე და ირინა ოვჩარენკო. ისეთი გამხდარი იყო, 13 კილოს იწონიდა. გადავწყვიტეთ წამოგვეყვანა, მიგვეხედა და ისე გაგვეჩუქებინა, იხსენებს აქტივისტი თეონა ყურშუბაძე.
მალე უპატრონო დალმატინელით დაინტერესდა ბათუმელი, ამჟამად აშშ-ში მცხოვრები ოლგა ბიდიხი. ოლგამ მიმართა შტატებში არსებულ დალმატინელის ჯიშის ძაღლების გადარჩენის ჯგუფს, რომელიც ამ შემთხვევით დაინტერესდა და ძაღლის გადარჩენაში ჩაერთო ორგანიზაციის პრეზიდენტი ფატი დანე. სწორედ მან დაარქვა ძაღლს სახელი – ისააკი.
ოლგა ბიდიხმა შეიძინა ბილეთი და ძაღლი შტატებში ჩაიყვანეს.
აშშ-ში ისააკს დახვდა ფატი დანე, დალმატინელების გადარჩენის ჯგუფის პრეზიდენტი.ძაღლი ფლორიდაში, ქალაქ მაიმიში აიყვანა ოჯახმა, რომელსაც სახლში კიდევ ერთი დალმატინელი, სახელად ლაქი ჰყავთ. 2 დალმატინელის შეხვედრამ კარგად ჩაიარა და ლაქი და ისააკი დღეს უკვე ერთად თამაშობენ.
ცოტა ხნის წინ ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში მიიყვანეს ყრუ დალმატინელი, რომელზეც პატრონმა უარი თქვა.
-ვისთანაც გვყავს დატოვებული, მან მიამბო, რომ ჯოხი გადაუგდო სათამაშოდ და წკავწკავი ატეხა. როგორც ჩანს, ჯოხით სცემდნენ, – ამბობს თეონა ყურშუბაძე.