2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ახალი, გაფართოებული ფორმატით გაიმართება. ტურნირში 32-ის ნაცვლად, 48 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ევროპიდან 13-ის ნაცვლად — 16.
იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვოს — ორი გზა არსებობს.
ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპი. უეფას წევრი 55 ქვეყანა წილისყრით 12 ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ჯგუფი 4 ან 5 გუნდით დაკომპლექტდება. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ნაკრებმა გაინაღდოს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, საკუთარი ჯგუფი პირველი ადგილით უნდა დაასრულოს. შესაბამისად, 16-დან 12 ადგილი ტრადიციული შესარჩევით, ჯგუფში პირველი ადგილოსნებით დაკომპლექტდება. დარჩენილი 4 საგზური კი ვაკანტური რჩება.
თუ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფს პირველი ადგილით ვერ დაასრულებს, იმისათვის რომ საგზურის მოპოვების შანსი შეინარჩუნოს, ამავე ჯგუფში მეორე ადგილი მაინც უნდა დაიკავოს.
12 ჯგუფის მეორე ადგილოსანს დაემატება კიდევ ერთი ტურნირის, ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებული საუკეთესო რეიტინგის მქონე 4 გუნდი და სწორედ ეს 16 გუნდი გაითამაშებს ერთმანეთში დარჩენილ 4 ვაკანტურ საგზურს.
ანუ თუ საქართველო ტრადიციულ საკვალიფიკაციო ჯგუფში ვერც მეორე ადგილს დაიკავებს, ერთა ლიგაზე საკუთარი ჯგუფი მაინც უნდა მოიგოს, რომ 4 ვაკანტური საგზურისთვის ბრძოლა გააგრძელოს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ერთა ლიგიდან საკუთარი ჯგუფის გამარჯვებული 4 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს საგზურებისთვის ბრძოლას. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი აუცილებლად უნდა დაიკავოს, თუმცა შეიძლება ესეც არ აღმოჩნდეს საკმარისი, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია რეიტინგი. საქართველო ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობს, არსებობს A დივიზიონიც, სადაც საფრანგეთი, ესპანეთი და სხვა მსგავსი უფრო მაღალი დონის გუნდები ასპარეზობენ. A დივიზიონის რეიტინგი B დივიზიონზე მაღალია, შესაბამისად ზემოხსენებული 4 გუნდი ჯერ A დივიზიონიდან შეირჩევა და შემდეგ გადავა პროცესი B დივიზიონზე. თუმცა, რადგანაც A დივიზიონში მსოფლიო ფეხბურთის წამყვანი გუნდების ასპარეზობენ, საკმაოდ დიდია შანსი, რომ ამ დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულებმა ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპით მოახერხონ მუნდიალზე საგზურის მოპოვება ან მე-2 ადგილებზე გასვლა და შესაბამისად ერთად ლიგის გზა მათ საერთოდ აღარც დასჭირდეთ. ასეთ შემთხვევაში პროცესი B დივიზიონზე გადაინაცვლებს და აქ ჩნდება საქართველოს შანსიც, თუ რა თქმა უნდა, ერთა ლიგაზე თავის ჯგუფს მოიგებს.
პლეი-ოფში, რომელში მონაწილეობის შანსიც საკვალიფიკაციოს ჯგუფის მეორეადგილოსნებს და ერთა ლიგის ჯგუფის 4 გამარჯვებულს ექნება — გუნდები ორ შეხვედრას გამართავენ, ნახევარფინალსა და ფინალს.
ვისთან და როდის
მსოფლიო ჩემპიონატის ტრადიციულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფები 2024 წლის დეკემბერში დაკომპლექტდება, შესაბამისად უცნობია თუ ვის წინააღმდეგ მოუწევს საქართველოს ნაკრებს ბრძოლა, თუმცა უკვე ცნობილია თუ ვის დავუპირისპირდებით ერთა ლიგის მიმდინარე სეზონში.
მას შემდეგ რაც საქართველომ ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ასპარეზობას B დივიზიონში განაგრძობს, სადაც წინა ტურნირისგან განსხვავებით, შედარებით ძლიერი მეტოქეები ეყოლება.
B დივიზიონის პირველ ჯგუფში საქართველო ალბანეთის, უკრაინისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა და სწორედ ამ ჯგუფის მოგება დასჭირდება იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი შეინარჩუნოს იმ შემთხვევაში, თუ საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე ვერც პირველ და ვერც მეორე ადგილს ვერ დაიკავებს.
ერთა ლიგის ამ გათამაშების პირველ შეხვედრას საქართველო შინ 7 სექტემბერს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მიმდინარე წლის შემოდგომაზევე დასრულდება.
საქართველოს ერთა ლიგაზე კარგად გამოსვლა იმ შემთხვევაშიც მართებს, თუ ჯგუფს ვერ მოიგებს, რადგან ჯერ ერთა ლიგაა და შემდეგ ტრადიციული საკვალიფიკაციო რაუნდი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2024 წლის დეკემბერში გაიმართება ტრადიციული საკვალიფიკაციო ჯგუფის წილისყრები და ის თუ რა სიძლიერის მეტოქეები შეხვდებიან ქართველ ფეხბურთელებს, დამოკიდებული იქნება ნაკრების ზოგად რეიტინგზე. რაც უფრო კარგი შედეგები გექნება და მაღლა იქნები რეიტინგში, მით მეტია შანსი, რომ ჯგუფში შენზე სუსტი მეტოქეები შეგხვდნენ.
მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.