თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ 97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით ბაზრის კვლევა გამოცხადდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პარასკევს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაინტერესებული კომპანიებს წინადადებების წარდგენა 29 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.
„მომდევნო წლებიდან გარკვეული ვაგონები ამოდის ექსპლუატაციიდან და მისი მოხმარება არ შეიძლება. შესაბამისად დავაანონსეთ ახალი ვაგონების შესყიდვა. გვინდა, რომ მთლიანად განვაახლოთ მეტროში ვაგონები. ამ მიზნით, გუშინ, 27 ივნისს გამოცხადდა ბაზრის კვლევა 97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით.
შემადგენლობების ჩანაცვლების პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 7 წელს, რომლის ფარგლებშიც 2030 წლის ჩათვლით, ეტაპობრივად მოწოდებული იქნება უახლესი თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 მატარებელი (13 ერთეული 4-ვაგონიანი და 9 ერთეული 5-ვაგონიანი),“- აღნიშნა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, შესყიდვის ბიუჯეტი დაზუსტდება ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ, თუმცა, პირველადი შეფასებით, საორიენტაციო ბიუჯეტი დაახლოებით 200 მლნ ევროა.
შესყიდვის შედეგად, მატარებლები იქნება „გამჭოლი“ ვაგონებით, ანუ ვაგონებს შორის აღარ იქნება გადატიხრები და ე.წ. გარმოშკით იქნებიან ერთმანეთთან დაკავშირებული.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 5-ვაგონიანი მატარებლები, მხოლოდ პირველ – „ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს, გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით.
ცნობისთვის, ბაზრის კვლევაზე წინადადებების წარდგენა დაინტერესებულ კომპანიებს 29 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.