ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების გამარჯვებას შემდეგნაირად ეხმაურება.
„განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი გულშემატკივარი ადგილზე, გერმანიაში და ყველა სხვაგანაც. ჩვენები აჩვენებენ ორგანიზებულობის და ცივილიზებულობის უმაღლეს პილოტაჟს.
ეს არის ნამდვილად შემდგარი ერი და მას ვერავინ დააჩმორებს და ვერ ჩაიდებს ჯიბეში. ეს ის შემთხვევაა, როცა გუნდს და მაყურებელს ერთნაირად სჯერათ საკუთარი ძალების და ერთადაა დაუმარცხებელი – ჩვენ აღარ გვჯერა, ჩვენ ზუსტად ვიცით!“–წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, 26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ კი, ეროვნულმა ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა,რითიც F ჯგუფიდან გავიდა.
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში “ჯვაროსნები” ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.