20 ივნისის სისხლიანი ღამის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ.
“გახსოვდეს გავრილოვის ღამე” – მოქლქეებს ამ წარწერით ბანერები აქვთ მიტანილი.
პარლამენტის წინ დგანან 5 წლის წინანდელი სისხლიანი მოვლენების მონაწილეები და ის ხალხი, ვინც ბოლო სამი თვეა რუსული კანონის გამო ქუჩაშია გამოსული.
“ხუთი წელი გავიდა იმ დღიდან, რაც კრემლის საამებლად ქართველ ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს. ყოველ 20 ივნისს უნდა შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, რათა ვერავინ ამ ქვეყანაში ვეღარ გაბედოს ოკუპანტის საამებლად ქართველი პატრიოტების დასახიჩრება.” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილები გმირთა მოედნისკენ მსვლელობით დაიძრებიან, სადაც აქციის მონაწილეები სამოქმედო გეგმას დააანონსებენ.
შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს ქუჩაში გამოსული ხალხი რუსი დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომას აპროტეტსტებდა. სამართალდამცავებმა, მომიტინგეთა მიმართ, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გარდა, არალეტარული ჭურვების სახით 12-კალიბრიანი და 38-მილიმეტრიანი 800-მდე რეზინის ტყვია ისროლეს.
ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის იყო 187 სამოქალაქო პირი, 40-მდე ჟურნალისტი, 73 პოლიციის თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო, ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. ასევე დადასტურებულია, რომ რეზინის ტყვიით გამოწვეული ტრავმის შედეგად, ორმა დემონსტრანტმა დაკარგა ცალი თვალი, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.