არ დავუშვებ, რომ ვირუსმა გაიმარჯვოს სიცოცხლეზე! – ეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის სიტყვებია, რომელიც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის სადარაჯოზე დგას.
ლევან რატიანის უსაზღვრო ოპტიმიზმსა და შემართებას უამრავი ადამიანი დაუხსნია სიკვდილისგან, იმ მომენტშიც, როდესაც მდგომარეობა თითქმის უიმედოც კი იყო. გარდა სამედიცინო სფეროში ფასდაუდებელი ღვაწლისა, საზოგადოებამ ექიმი გარეგნობის გამოც გამოარჩია და მეტად შეიყვარა. სოციალურ ქსელში მის ლოყებს განიხილავენ და რამდენჯერმე ღონისძიებაც კი ჩაინიშნა სახელწოდებით: „გვაჩქმეტინოს ლევან რატიანმა ლოყებზე“.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ხშირად ამბობს, რომ მის უკან ღმერთი დგას და ღმერთის დიდ მხარდაჭერას გრძნობს.
„როდესაც დგება პაციენტთან მომენტი, გული ჩერდება, მილოცია, რომ ღმერთო ოღონდ ამ წუთში გადამირჩინე… და ასეც მომხდარა, რადგან არის ძალა, რომელსაც ჰქვია ღმერთი, რომლის საშუალებითაც აკეთებ ამ ყველაფერს. რომ არა ეს ძალა, ვერ იქნება ვერანაირი მიღწეული შედეგი ვერც ექიმისთვის და პაციენტისთვის და ეს ხშირად მიგრძვნია, რომ ჩემს უკან ვიღაც დგას და ეს არის ღმერთი“.
რატიანის პაციენტები არიან როგორც ცნობილი, ასევე საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები.
„როცა პაციენტების პოსტებს ვკითხულობ, ძალიან მიხარია. ბედნიერებაა, როცა შენი ხელით, გრძნობით და ტვინით ადამიანები კვლავ აგრძელებენ სიცოცხლეს. ამაზე უკეთესი საქმე არ არსებობს“ – ამბობს ლევან რატიანი „პრაიმტაიმთან“.
გთავაზობთ ისტორიების იმ მცირე ნაწილს, რომელიც ექიმის სახელს უკავშირდება.
სასწაული შობის ღამეს
უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებულიფეხმძიმე, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, ლევან რატიანმა სასწაულებრივად იხსნა სიკვდილისგან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბელა საღინაძე წერს.
„შობის ღამეს მართლა ხდება სასწაულები და მას უფლისგან მოგზავნილი ანგელოზები ახდენენ.. ირგვლივ ყველაფერს ჯადოსნური ძალა აქვს, რაღაცას ელოდები უსაშველოდ ამაღლებულს და უდიადესს.. ახლა გული ისე გამალებით მიცემს, ლამისაა ამოვარდეს საგულედან… სასწაულია, აბა რა არის ეს შობის ღამე ქუთაისელი ნინოსა და მისი ოჯახისთვის! სულ რამდენიმე საათიც და ნინო თავის შვილიკოებს დაუბრუნდება და ჩაეხუტება… სულ ცოტაც და ნინოს დედიკო მეორედ დაბადებულ შვილს ჩაიკრავს გულში…. ვიცი,რომ ძალიან ბევრი ლოცულობდით ნინოსთვის და გულშემატკივრობდით. ნინო მეორედ დაიბადა უფლისა და ლევან ექიმის წყალობით!..
ხო, ლევან ექიმია შობის და ქრისტეს მახარობელი ამ ნინოსთვის და ვინ დათვლის კიდევ რამდენი ნინოსთვის…. მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა, ექიმს ჯიუტად სჯეროდა, რომ აუცილებლად გადაარჩენდა… და აჰა, კიდევ ერთი ახალგაზრდა დედა მონატრებულ შვილებს, დედას კი შვილი დაუბრუნა, შვილი…. მადლობა უფალს, რომ მეც გამხადა ამ საოცარი სიხარულის თანამონაწილე და თანაზიარი.. არ ვიცი, ვერ ვაგნებ რა ჯილდო ეკუთვნის ლევან რატიანს ასეთი უზარმაზარი პასუხიმგებლობის, პროფესიონალიზმისა და ადამიანობისთვის! მართლა რამხელა მისიით დაუბადებია უფალს?!… აჩუქო ადამიანებს სიცოცხლე, შვილებს- დედა, დედას -შვილი ამაზე დიდი მართლაც არაფერი არსებობს ამ ქვეყნად… მართლა მიკვირს—და თან რანაირად უნდა მოახერხო თეთრადგათენებული ღამეების მიუხედავად სატელეფონო ზარებს უპასუხო და უზარმაზარი იმედი მისცე ადამიანებს! აი, ამიტომ ლევან რატიანი არის ჩემი წლის ადამიანი!.. ცისხელაათქო და არაა— ცაზე მაღალი ყოფილხარ! მრავალ ქრისტეშობას, ქრისტეს მახარობელო!“.
მარიკა შალიკაშვილი – ჟურნალისტი
„ეს ფოტო აპრილშია გადაღებული, აქ დამპირდა ნუ შეგეშინდება, თუ დაგემართა მოგხედავო, დამემართა და მომხედა აღარ ჰქვია, თან გადამყვა.
თვეების მანძილზე ჩემი ყოველი დილა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკით იწყებოდა, მაშინ სხვების ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაცხადებდი და სულ მაინტერესებდა შიგნით რა ხდებოდა.
ლევან რატიანს დიდ პატივს ვცემდი და ვაფასებდი როგორც უკეთილეს, პროფესიონალ ექიმს, რომელიც სხვების სიცოცხლისთვის იბრძოდა.
ახლა უკვე ყველაფერი ის რაც პირველ საუნივერსიტეტოში ხდება ჩემი თვალით მაქვს ნანახი.
ეს არის თავდადებული, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების გადარჩენისთვის მებრძოლი, ძალიან მაგარი, კეთილშობილი ადამიანების გუნდი. მიხარია, რომ ასეთი ხალხი არსებობს და მათ რომ ვხედავ, მჯერა ყველაფერი კარგად იქნება“.
გიორგი ფანცულაია – ადვოკატი
„მოკლედ, ვინაიდან შედარებით უკეთ ვარ (მაგრამ ჯერაც სამკურნალო), ჩემივე თხოვნით ვტოვებ კლინიკას და გადავდივარ სახლის პირობებში სამკურნალოდ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემი სიცოცხლის გადარჩენა პირადად ექიმ ლევან რატიანის დამსახურებაა! ლევანი არა მხოლოდ ძალიან მაგარი პროფესიონალი ექიმია, ის სასწაული ადამიანიცაა! მისი პროფესიონალიზმით ხომ გადამარჩინა (არა და საკითხი ზუსტად ჩემი გადარჩენა არგადარჩენაზე იდგა. კიდევ ერთი დღით გვიან მისვლის შემთხვევაში გადარჩენის შანსი უკვე 0% იყო. ჩემს ასაკში ასეთი მძიმე პაციენტი ამ კლინიკას ჯერ არ ჰყოლია კოვიდით, ეს ლევანის სიტყვებია), ასევე ამ ხნის მანძილზე ლევანი არ დაიჯერებთ და საკუთარი ხელით მიკეთებდა ექთნის საქმესაც, მედგა თავზე და იყო ჩემი ფსიქოლოგი, იცლიდა და საკუთარი ინიციატივით დედაჩემს სახლში უნიშნავდა წამლებს (დედასაც კოვიდი ჰქონდა)! მოკლედ სასწაული ადამიანია!“
გიორგი აბდალაძე – ფოტოგრაფი
„ათი დღის წინ, ფაქტობრივად, ვიყავი მიცვალებული. დღეს უკეთესად ვარ, ვსუნთქავ, ძალა მაქვს და იმედი… ლევან რატიანი ჯადოქარია. ის სასწაულებს ახდენს. თქვენ ვერასოდეს წარმოიდგენთ, რა ხდება აქ, რეანიმაციის განყოფილებაში. აქ არ არსებობს შაბათი, კვირა დღესასწაული, დღე და ღამე…
სამედიცინო პერსონალი მუდმივად ებრძვის სიკვდილს და სიცოცხლეს ჩუქნის ადამიანებს. ეს მინდა ვაჩვენო საზოგადოებას ჩემს რეპორტაჟში, რომელსაც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ.
ლეილა მელიქია – ლევან რატიანის მასწავლებელი
„არ შეიძლება, ცხოვრობდე საქართველოში და არ ადევნებდე თვალს მიმდინარე მოვლენებს. კორონა ვირუსმა მოიცვა, მთელი მსოფლიოს ადამიანები პანიკაშია. ძალიან ძნელია ცხოვრობდე სულ შიშში, ნერვიულობაში და კრიზისულ პირობებში, რა ჯობია, როცა ამ გაჭირვების დროს, შენს ხელში გაზრდილი მოსწავლე იმსახურებს ხალხის ქებას. გმირობის ტოლფასია ლევან რატიანის და მისი კოლეგების მოქმედება, ისინი არ იშურებენ ღონეს და ძალას, მიდიან ყოველგვარ რისკზე, მიტოვებული აქვს ოჯახი და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ. ალაპარაკდა ტელევიზია, ეხება საქართველოს ყველა კუთხეს.
დიდება თქვენ გმირებო! ჩემო შვილო, ლევან, მეამაყები გული სიამაყით მაქვს სავსე. არ არსებობს ამაზე დიდი სიხარული, როცა შენი გაზრდილი, ამ გამარჯვებულ ექიმებს შორის რომ დგას.
მე ვარ ლევანის ყოფილი მასწავლებელი. ვასწავლიდი დაწყებით კლასებში. ერთი გამონათქვამი უნდა გაგახსენოთ „თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი შრომა დაკარგულია“. ასე რომ, საძირკველი ჰქონდა ძლიერი და რა თქმა უნდა, მერე წავიდა ძლიერი კედლები. ლევანის წინსვლას ხელი შეუწყო გენეტიკამაც.
ნათქვამია: „კვიცი გვარზე ხტისო“. ეს ნათქვამი ესადაგება ლევან რატიანს. მან გააგრძელა ბაბუას საქმიანობა. ლევანის ბაბუა, პლატონ რატიანი იყო 500-კომლიანი სოფლის ექიმი. იმ გაჭირვების დროს, როცა მედიცინა არ იყო ასე განვითარებული, ის ყველანაირ გამოცდილებას ხმარობდა და გვერდში ედგა ავადმყოფებს. სოფელი დაყოფილი ჰქონდა უბნებად, ყველა უბანს თავისი ექთანი ჰყავდა. ავადმყოფებს სახლში აკითხავდა და სანამ არ გამოაჯანმრთელებდა, არ მოეშვებოდა. ტრანსპორტი არ ემსახურებოდა და დადიოდა ქვეითად. ყველაფერს ამას აკეთებდა უანგაროდ, სიცოცხლის ბოლომდე. ბევრ რამეში გავხარ ბაბუას. პირად კომფორტზე კი არ ზრუნავ, არამედ ავადმყოფის გამოჯანმრთელებაზე. ლევან, მარტო შენი ოჯახის იმედი არ ხარ, არამედ მთელი სოფლის იმედი ხარ. ვინმეს რამე გაუჭირდება და უცბად ყველა ლევანის იძახის. შენც შენთან მისულ თანასოფლელებს ხელს უწვდი. არ მოშლილიყავი შვილო ჩვენს იმედად. შენ მარტო ჩვენი იმედი არ ხარ, შენ მთელი საქართველოს იმედი ხარ. ყველა ავადმყოფის იმედი ხარ. შენ მარტო ექიმი არ ხარ, შენ ხარ ადამიანი, თბილი, მოსიყვარულე, გულთან მიგაქვს ადამიანის გაჭირვება, ეს შენი გენეტიკიდან მოდის. შენს ადამიანად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის შენს მშობლებს. შენი დედა მარინა რატიანი იყო ჩემი კოლეგა, როცა შვილი შეეძინა ვინახულეთ, შენ აკვანში იყავი ჩაკრული. გიყურეთ, გიყურეთ და გითხარით: ბაბუასავით ექიმი უნდა გამოხვიდეო“ ისე აგიხდა ყველაფერი კარგი, ჩვენ რომ ასე აგვიხდა. შენი დაც თამუნა რატიანი-ექიმი, თქვენი მეუღლე- ექიმი, სიძე-ექიმია, ასე, რომ გაქვთ ექიმების ოჯახი. დიდება თქვენ რატიანებო. თქვენი მთელი ოჯახი ჩაბმულია ადამიანის გამოჯანმრთელების საქმეში. დიდება, თქვენ!