ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა საბავშვო მწერალი და გამომცემელი ბონდო მაცაბერიძე. სამწუხარო ინფორმაციას სამტრედიის მეორე საჯარო სკოლა ავრცელებს.
ბონდო მაცაბერიძე დაიბადა 1959 წლის 20 მარტს, სამტრედიაში. 1976 წელს დაამთავრა სამტრედიის მე-2 საშუალო სკოლა. 6 კლასამდე სწავლობდა სამტრედიის #13 საშუალო სკოლაში. 1990 წელს დაამთავრა მოსკოვის ა.მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი — პოეზიის ფაკულტეტი.
1989 წელს დააარსა პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობა საქართველოში — „ალავერდი“ და იყო მისი დირექტორი 1994 წლამდე.
1997 წელს დააარსა გამომცემლობა — „ბონდო მაცაბერიძე“, რომელიც 2000 წლიდან დარეგისტრირდა ახალი რედაქციით — „გამომცემლობა-ბაკმი“, სადაც მუშაობს დღემდე დირექტორის თანამდებობაზე.
ბონდო მაცაბერიძე ავტორია 1 პოეტური კრებულის — თმენის ფორმულა (გამომცემლობა „მერანი“ 1990 წ.) და 1 მხატვრულ-პუბლიცისტური კრებულის „სადაურსა სად წაიყვან“ (გამომცემლობა — „ალავერდი“ 1992 წ.). მისი ზღაპრები თარგმნილია რუსულ, გერმანულ, თურქულ, სპარსულ, უკრაინულ და ლიტვურ ენებზე. 1995 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 2003 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, 2004 წელს შიო მღვიმელის სახელობის პრემია, ზღაპრების კრებული — „ზღაპრები ბექნა ბიჭზე“ – 2010 წელს დასახელდა გამარჯვებულად საბავშვო წიგნის მე-2 ფესტივალზე ნომინაციაში: საუკეთესო ზღაპრების კრებული (საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრი).