2 მაისს მართლმადიდებლური ქრისტიანული სამყარო ყველაზე დიდ დღესასწაულს – აღდგომას ზეიმობს. შარშან, პანდემია ახალი დაწყებული იყო და აღდგომას, 19 აპრილს ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლას მხოლოდ რამდენიმე სასულიერი პირი დაესწრო.
რა იქნება წელს? დაესწრებიან თუ არა მორწმუნენი ქრისტიანული სამყაროს ამ უდიდესი ხილული სასწაულის მოვლინებას? “პრაიმტაიმი” ისრაელის მოქალაქეს, ქართველ ებრაელ, მერაბ მიხაელს დაუკავშირდა.
მერაბ მიხაელი: – ისრაელი ტურიზმს 23 მაისიდან ანახლებს. რეგულაციები ნელ-ნელა იხსნება. ღია სივრცეებში პირბადეების ტარება აღარ არის სავალდებულო, გუშინ მოიხსნა. მხოლოდ დახურულ სივრცეებსა და დაწესებულებებში ვატარებთ.
აიცრა ყველა. ჩვენთან მხოლოდ “ფაიზერის” ვაქცინა კეთდება. მისი მწარმოებელი კომპანიის დირექტორი ებრაელია და ვაქცინა, პირველ რიგში, ისრაელში გამოგზავნა. ქვეყანამ, დამატებით, კიდევ 18 მილიონი დოზა “ფაიზერი” გამოიწერა.
სულ მალე 12 წლის ზევით ბავშვებსაც გაუკეთებენ ვაქცინას. მე დეკემბერ-იანვარში მქონდა კორონავირუსი და იმუნიზაცია 30 აპრილს მიწევს.
რაც შეეხება სააღდგომო პერიოდს და ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრების მსურველების თემას. ჯერჯერობით, ძველ ქალაქში მაღაზიების ძირითადი ნაწილი დაკეტილია. ნელ-ნელა გაიხსნება. მაცხოვრის საფლავი შუადღის 1 საათამდეა ღია, მესამე წირვა-ლოცვის შემდეგ იკეტება საღამომდე. ძალიან ნაკლებად დადის ხალხი. თითქოს გაცვეთილ, მიტოვებულ ქალაქს ჰგავს.
წელს ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრებას ყველა მსურველი ჩვეულებრივ შეძლებს. შეზღუდვა არ იქნება, ქრისტიანები ძველებურად იხილავენ ამ სასწაულს.
შემდეგ უკვე მაცხოვრის საფლავზე დღეში ხუთი წირვა გაგრძელდება და ჩვეულ რიტმში ჩადგება იერუსალიმის და ისრაელის ცხოვრება.
ყველაფერი ღიაა და ძველ რიტმში მუშაობს. ქვეყანაში შემომსვლელს მოეთხოვება ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი.