ნამახვანში, მდინარე რიონში გაუჩინარებულ მამაკაცზე სოციალურ ქსელში დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე, დათო სიმონია წერს, მდინარეში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცი ჰესის საწინააღმდეგო აქციაში რამდენიმე დღის წინ ჩაერთო და მასთან ახლო ურთიერთობა არავის ჰქონდა.
“ვინც დღეს რიონში გადახტა – ნიკა, 3 დღის წინ ჩამოვიდა ჩვენთან, მეგობართან ერთად და არავის ახლო ურთიერთობა არ გვქონია მასთან. შესაბამისად, არავინ ვიცით მისი მოტივები. ვინც ახლდა, ის ჯერ არ გვინახავს, პოლიციასთანაა.
სანამ გადახტებოდა, ერთ-ერთ ჩვენიანს, ვინც ახლოს გაიარა, მობილური მიაწოდა და უთხრა ჯანოს (მის მეგობარს) მიაწოდეო. ეგ იყო ბოლო წინადადება.
ჯერ არ უპოვიათ, ანუ არ ვიცით, გარდაიცვალა თუ არა. მეტი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს.
პოლიციამ დაიწყო გამოძიება. გვეუბნებიან, რომ ყველანი უნდა დაგვკითხონ. გთხოვთ, ყველანი იყოთ ფხიზლად და მობილიზებულები,” – წერს დათო სიმონია.