17 აპრილს, ვაკეში, ტაბიძის ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა 3 ადამიანი დაჭრეს. დანაშაული ტაბიძის ქუჩაზე მოხდა. ვაკეში, ტაბიძის ქუჩაზე დაჭრილი 3 პირიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციაში იმყოფებიან.
დაჭრილები არიან სერგი ქურთიაშვილი, გიორგი რუხაძე და კახა გაბრიელაშვილი. თვითმხილველების ცნობით, რუხაძეს ცეცხლი ქურთიაშვილმა გაუხსნა, რის შემდეგაც, საპასუხო ცეცხლი რუხაძის დაცვამ გახსნა. შედეგად სერგი ქურთიაშვილს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
“17 რიცხვში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მეშვეობით მოყვანილი იქნა სამი კაცი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. სამივე მათგანს ჩაუტარდა ოპერაცია, ამჟამად ჩვენს კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს 2 პაციენტი. ორივე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. ორივეს მდგომარეობა არის მძიმე. მესამე პაციენტი ოჯახის წევრების მოთხოვნით, გადაიყვანეს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში”, – ამბობს ტელეკომპანიასთან ექიმი.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, გიორგი რუხაძე ძმებ კაკულიების დეიდაშვილია, ხოლო ქურთიაშვილი მათი საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი.
ტაბიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა ძმები კაკულიების ახლო ნათესავს, გიორგი რუხაძესა და სერგი ქურთიაშვილს შორის მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქურთიაშვილმა ჩასაფრება მოუწყო რუხაძეს და მას ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობები.
სროლის დროს ქურთიაშვილისა და რუხაძის გარდა, დაიჭრა რუხაძის დაცვის თანამშრომელიც.
შეგახსენებთ, რომ ძმებ გუგა და დავით კაკულიებს თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი წლის წინ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ძმებ კაკულიებს 2022 წელს,არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.
პროკურატურა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით.