პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ისტორიული მატჩის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში წერს:
“ფეხბურთი ძალიან მიყვარს, მეოთხედი საუკუნის წინ ეზოდან ძალით რომ ამომიყვანეს და მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს მაყურებინეს, მას შემდეგ ერთი კვირა არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთის გარეშე. სტატიის წაკითხვით, რეპორტაჟისთვის თვალის შევლებით, თამაშზე დასწრებით ან რაიმე სხვა საშუალებით, ინსტიქტურად მაინც ვამყარებ კავშირს საფეხბურთო სამყაროსთან.
თუმცა, ჩემი ეს დამოკიდებულება არაფერია იმ ადამიანთა ცხოვრების წესთან შედარებით, რომლებიც ფეხბურთით სუნთქვენ, ყოველკვირეული კი არა, ყოველწუთიერი ურთიერთობა აქვთ ამ ჯადოქრობასთან, თან თავადაც შეუძლიათ ბურთის გაგორება… მათ ერთი გამორჩეული თვისება აქვთ – ნაკრების გვერდით დგანან სულ! ჭირშიც და ლხინშიც, ასით ნოლზეც და ნოლით ასზეც ჩვენს შემადგენლობაზე ფიქრობენ, საკუთარი ზურგით დააქვთ ეროვნული გუნდის სირცხვილიც და სიამაყეც.
საშინელი უსამართლობის განცდა მეუფლება… უამრავი ადამიანი, რომელიც ფეხბურთით სუნთქავს, ხვალ სტადიონზე ვერ მივა. მათ ადგილს კი მედროვეები დაიკავებენ, მხოლოდ საყოველთაო ყურადღების დროს რომ ახსენდებათ ფეხბურთიც და ნაკრებიც, “ინსტაგრამ ინგეიჯმენტისთვის” რომ მიეშურებიან დინამო არენაზე.
ვერ ვიტან გადამყიდველებს, ბარიგებს, ყველას სიცოცხლის ბოლომდე ავუკრძალავდი სტადიონთან მიახლოებას. ისინი ბოროტმოქმედები არიან. ვერ ვიტან უსამართლო პრივილეგიებს ( “გოიმური ბლატები”), რომლებიც დიდ გულშემატკივრებს სახლში დარჩენას აიძულებენ, უგულო ჩინოვნიკთა ახლობლებს კი 10-10 ბილეთს სთავაზობენ.
მოვითხოვ ფედერაციისგან ყველა თამაშის ყველა ბილეთი სამ ნაწილად გაყოს: მესამედი აბონემენტებად გაიყიდოს, მესამედი დაიბეჭდოს და მთელი საქართველოს სალაროებში დარიგდეს რეალიზებისთვის და მხოლოდ მესამედი მიაშავქვავონ ტკტ.ჯის (მაგათი ასე და ისე).
ასე რომ ნაწილდებოდეს ბილეთები, ან აბონემენტი მექნებოდა ან რიგში დავდგებოდი, დამპალი მენეჯმენტის მქონე დამპალი საიტის იმედად არ დავრჩებოდი.
მე როგორმე გადავიტან უბილეთობას, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაცამ მუცელში ჩამაზილა წიხლი… თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ალიანს არენაზე და ბერნაბეუზე ვარ ნამყოფი (არაფერი შეღავათი არ არის, უბრალოდ, თავს ვიტყუებ )))))). იმ ადამიანებს რა ეშველებათ, დღეს რომ ქუჩაში შემხვდნენ და სუნთქვა ჰქონდათ შეკრული?! – წერს ლევან ლორთქიფანიძე.
26 მარტს 21:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიულ მატჩს უმასპინძლებს. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე საგზურს მოიპოვებს. თამაშზე დასწრების მსურველთა რაოდენობა ბილეთებზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ამიტომ გადამყიდველებთი ათ ლარიან ბილეთს 100 ლარს აფასებენ, 50 ლარიანს კი 400 ლარს.