ქორეოგრაფი ანა (ანანო) სამსონაძე 21 მარტს გარდაიცვალა. ავ სენს ებრძოდა… როგორც ამბობენ, თუ არ იცოდი, ვერ იტყოდი, რომ ავადმყოფობს. არა თუ იმჩნევდა, საყვარელი საქმის კეთებისას, თავს არ ზოგავდაო…
გახლდათ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ქორეოგრაფ-ქორეოლოგი. თუმცა მას ყველაზე ხშირად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ხედავდნენ. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. გასული წლის მიწურულს თეატრალურში დააჯილდოვეს. აი, რას წერდა სოციალურ ქსელში:
“ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ამ წლის მიწურულს ასეთი ბედნიერი დღე მექნებოდა.
და ჩემი უნივერსიტეტის “2023 წლის საუკეთესო თანამშრომლად” დამასახელებდნენ. ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, უდიდესი მადლობა დაფასებისთვის, აღიარებისთვის, გვერდში დგომისთვის და სიყვარულისთვის
ჩემთვის ეს ჯილდო წარმოუდგენლად ძვირფასი საჩუქარია.”
როგორც ქორეოგრაფი, ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში იყო. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი თანამშრომელსა და მეგობარს “პრაიმტაიმთან” იხსენებს.
დიმიტრი ხვთისიაშვილი: ანანო წლებია სიმსივნეს ებრძოდა; ვიცოდით, ველოდით, რომ ეს ერთ დღეს მოხდებოდა. მაგრამ დღემდე ისე მოიტანა ამ სენთან ბრძოლა, რომ წინა კვირაშიც არ ჩაუგდია ლექცია. ბოლო წამამდე ბრძოლის ველზე იყო. ვერასოდეს შეამჩნევდით, რამე თუ სტკიოდა ან აწუხებდა. ვიცოდით, მაგრამ ეს თემა დახურული იყო. არა თუ არ იმჩნევდა, მუშაობის პროცესში თავსაც არ ინდობდა.
მას ჩვენს თეატრში ძალიან ბევრი სპექტაკლი ჰქონდა გაფორმებული. მე ძირითადად ორ ქორეოგრაფთან ვმუშაობდი, ანანოსთან და გია მარღანიასთან. ანანოსთან უფრო საბავშვო რეპერტუარის სპექტაკლებზე ვთანამშრომლობდი, თუმცა დიდების სპექტაკლებზეც ვიმუშავეთ ერთად.
მაღალი რანგის პროფესიონალი გახლდათ. იყო არა მხოლოდ პრაქტიკოსი, არამედ თეორეტიკოსი. იყო მეცნიერი. ქორეოგრაფია მეცნიერებამდე ჰქონდა აყვანილი. გახლდათ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და ქორეოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. მან ცეკვის სამეცნიერო სკოლა შექმნა, განსაკუთრებით – ქართული ცეკვის.
თეატრის და კინოს უნივერსიტეტში ხომ, აკრედიტაციებიდან დაწყებული – ყველაფერი ანანო იყო.
ანანოს მეუღლე, პაატა მხეიძე ჩვენი თეატრის დასის მსახიობია და ხშირად უწევდა ჩვენთან სპექტაკლების ნახვა და სხვა ქორეოგრაფების ნამუშევრების ხილვა. გია მარღანიას აქვს ნათქვამი, მე მსგავსი კოლეგიალობის განცდა, რაც ანანოს აქვს, იშვიათად მიგრძნია კოლეგისგანო. შეეძლო კოლეგის ნამუშევრით აღტაცება, ქვენა აზრების გარეშე აფასებდა. თუ შენიშვნის თქმა უნდოდა, იმასაც ისე ღირსეულად ეუბნებოდა, აბსოლუტურად არ გაწყენინებდა და გულს არ გტკენდა.
ადამიანური თვისებებითაც მაღალი რანგის ადამიანი იყო. ჩვენი ბოლო დიალოგი, დაახლოებით ათი დღის წინ შედგა, როდესაც ერთ-ერთმა რეჟისორმა მთხოვა, თავის სპექტაკლში ანანოს ქორეოგრაფად მიწვევა. 19 მარტს ახალი სპექტაკლის ჩაშვების ბრძანება გამოვაკარი კედელზე, სადაც ქორეოგრაფად ანანო მიწერია. დავურეკე და ეს რომ ვუთხარი, მიპასუხა, მე ამ წუთს არ ვარ მზად მუშაობისთვის, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა, რომ ამხელა მოტივაცია მომეცითო…
მალევე გარდაიცვალა…
24 მარტს, 14 საათზე გასვენება ჩვენი თეატრიდან იქნება, ვინაიდან მისი საქმიანობა ჩვენთან იყო ყველაზე ნაყოფიერი. 50-ზე მეტი დადგმა აქვს გაფორმებული.
წყარო: primetime.ge