18 მარტს UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია სამშობლოში დაბრუნდა და შავი ქამარი ქართველ გულშემატკივარს ჩამოუტანა. საჯაროდ ის ქამარს 21 მარტს, საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე წარადგენს. მანამდე კი ქართველებმა მას განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს და გულშემატკივრები აეროპორტშივე შეიკრიბნენ, ჩემპიონთან ფოტოები გადაიღეს, გადაუხადეს მადლობა განსაკუთრებული ემოციებისთვის…
გაგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, 2024 წლის 18 თებერვალს, ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, თოფურია გახდა UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი! ბრძოლა ჩვენი დროით, დაახლოებით, დილის 7 საათზე დაიწყო. რადგან ილიას გამოსვლის ზუსტი საათი უცნობი იყო, უამრავმა გულშემატკივარმა მის მოლოდინში მთელი ღამე გაათენა, ვრცელდებოდა ვიდეოები, როგორი ემოციებით უყურებდნენ მეგობრები ერთად ამ მნიშვნელოვან შეხვედრას. ქომაგების ნაწილი კი დილით ფილარმონიასთან შეიკრიბა და ქართველი სპორტსმენის დიდი გამარჯვება ქუჩაში ერთად იზეიმა.
სამშობლოში დაბრუნებულმა ილია თოფურიამ მეუღლესთან ერთად ძველი თბილისიც დაათვალიერა და კადრები სოციალურ ქსელში განათავსა.
ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის პირადი მოწვევით ჩამოვიდა, მიზეზი კი ქვეყნის ეროვნული ნაკრებისთვის 21 მარტს გასამართავი უმნიშვნელოვანესი მატჩია. ილიამ შეკრებილ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა გულთბილი დახვედრისთვის, აღნიშნა, რომ მისი ბრძოლის დროს საქართველოში გადაღებული ვიდეოები ნახა და ასეთი მხარდაჭერისთვის მადლიერია. სითბო და სიყვარული გამოხატა ქომაგებისა და ქართველი ხალხის მიმართ, შეხვდა ოჯახის წევრებს და თქვა, რომ ასეთ დახვედრას არ ელოდა: “„ძალიან გახარებული და მადლობელი ვარ. ასეთ მიღებას ნამდვილად არ ველოდი“.
ვინ არის ილია თოფურია?
ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს გერმანიაში, ჰალეში დაიბადა. მისი მეტსახელია მატადორი. ილია არის ქართველი პროფესიონალი მებრძოლი. ამჟამად ასპარეზობს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ (Ultimate Fighting Championship, UFC). 2024 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, ის არის #3 UFC-ის წონით რეიტინგში.
ილია თოფურიას წარსული
ილია გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.
2012 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან დაიწყო ვარჯიში დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.
2015 წელს პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში შედგა მისი დებიუტი.
27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული.
2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია “მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპირდა და სამ რაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
2022 წლის 19 მარტს, ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მე-4 ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!
ილია თოფურიას შეყვარებული
ილია თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი მეგობარი გოგონა, ჯორჯინა უზკატეგუია. კომპანიას, სადაც უმშვენიერესი ჯორჯინა მუშაობს, Future and Energy ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში.”ინსტაგრამზე”, სადაც ჯორჯინას 200 ათასი გამომწერი ჰყავს, წყვილი ხშირად აზიარებს სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ ფოტოებს. როგორც უცხოური მედია წერს, ილიამ და ჯორჯინამ იქორწინეს, თუმცა ეს ქორწილი გასაიდუმლოებული იყო და დეტალები მის შესახებ უცნობია.
ჯორჯინა უზკატეგუის შესახებ ბევრი ინფორმაცია ინტერნეტში არ იძებნება. მისი ოფიციალური LinkedIn ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა მაიამიში, ფლორიდაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაიამის უნივერსიტეტში 2016 წელს. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ბოსტონის უნივერსიტეტში. ფლობს სამ – ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. ჯორჯინამ აქტიური კარიერა 2015 წელს დაიწყო, როცა მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორად დასაქმდა. ორ წელში მარკეტინგის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიიღო და Sanclemente Group-ში გააგრძელა მუშაობა. 2022 წელს კი მან საკუთარი კომპანია Future and Energy დააარსა.მიუხედავად საკუთარი საქმისა, ჯორჯინა ილია თოფურიას უდიდესი გულშემატკივარია და არასდროს ტოვებს საყვარელი ადამიანის ბრძოლებს. ის სატიტულო ბრძოლის დროსაც მის გვერდით იყო და შავი ქამარი ილიას პირველმა მიულოცა.
როგორც ცნობილია, ილიას პირველი ურთიერთობიდან უკვე ჰყავს ერთი შვილი, ვაჟი, ხოლო ის და ჯორჯინა ახლა გოგონას მოლოდინში არიან.