პეკინიდან, შანხაიდან და ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით ფრენები უკვე დაიწყო; ეს კი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენს ქვეყნებს შორის მიმოსვლის გამარტივებასა და ბიზნესისა თუ ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობაში, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის საელჩოს დროებითმა საქმეთა რწმუნებულმა, ტაი ჩუნიუნგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტაი ჩუნიუნგის თქმით, მას შემდეგ, რაც ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, ორ ქვეყანას შორის ხალხთა მიმოსვლა სწრაფად გაიზარდა.
„საჰაერო ტრანსპორტი, რომელიც ერთგვარ „საჰაერო ხიდს“ წარმოადგენს, გეოგრაფიულ მანძილს დროის ეფექტიანობად გარდაქმნის და საჭირო ინფრასტრუქტურას გვთავაზობს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის ხელშესაწყობად. მოხარულნი ვართ აღვნიშნოთ, რომ პეკინიდან, შანხაიდან და ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით ფრენები უკვე დაიწყო; ეს კი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენს ქვეყნებს შორის მიმოსვლის გამარტივებასა და ბიზნესისა თუ ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობაში. მას შემდეგ, რაც ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, ორ ქვეყანას შორის ხალხთა მიმოსვლა სწრაფად გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში საქართველო ჩინეთიდან თითქმის 120 000-მა ტურისტმა მოინახულა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23,6%-იანი ზრდაა“, – განაცხადა ტაი ჩუნიუნგმა.
ამასთან, ჩინეთის საელჩოს დროებითმა საქმეთა რწმუნებულმა იმედი გამოთქვა, რომ ვინაიდან ორ ქვეყანას შორის მოგზაურობაზე მოთხოვნა კვლავაც იზრდება, როგორც ჩინური, ისე ქართული ავიაკომპანიები ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მოახდენენ თავიანთი სტრატეგიების ადაპტირებას.
„თავისი ბრწყინვალე ბუნებრივი ლანდშაფტებით, ღრმა ისტორიული მემკვიდრეობითა და ღვინის უნიკალური კულტურით, საქართველო სულ უფრო მეტ ჩინელ სტუმარს იზიდავს. ამასთანავე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო თბილისს, რომ ის Lonely Planet-ის მიერ 2027 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა (მე-4 ადგილი). გარდა ამისა, შევნიშნეთ, რომ სულ უფრო მეტი ჩვენი ქართველი მეგობარი ინტერესდება ჩინეთში მოგზაურობით. მჯერა, რომ რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის მოგზაურობაზე მოთხოვნა კვლავაც იზრდება, როგორც ჩინური, ისე ქართული ავიაკომპანიები ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მოახდენენ თავიანთი სტრატეგიების ადაპტირებას“, – განაცხადა ჩინეთის საელჩოს დროებითმა საქმეთა რწმუნებულმა.
