მასშტაბური გატაცება მექსიკის საზღვართან – მედიასაშუალებებისთვის ცნობილი ხდება, რომ უკვე სამი დღეა 30-მდე ქართველი მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული. არსებული ინფორმაციით, მძევლებს შორის ქალებიც არიან, თუმცა უცნობია გატაცებულებს შორის არიან თუ არა ბავშვები.
გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ. ტყვეობაში მყოფი მოქალაქეები ოჯახის წევრებთან კრიმინალური დაჯგუფების სისასტიკეზე მოკლეტექსტური შეტყობინებებით საუბრობენ.
“ტყვეობაში ვარ, ნარკოკარტელებთან, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ. გაგვიტაცეს და ფულს ითხოვენ. რაღაც დაჯგუფებაა. 30 კაცი ვართ და 90 ათასს ითხოვენ…შეიძლება ცოტა ხანში [ტელეფონი] ისევ წაგვართვან, ძმაო, რაღაც სარდაფში ვართ 120 კაცი დამწყვდეული. ველოდებით გაყვანას…იარაღი დამადეს და მეორე დანის კონდახს მირტყამდა იმის გამო, რომ 2 ესპანური სიტყვა ვიცოდი. ყვიროდნენ და მირტყამდნენ. არ ვიცი რატომ.” – წერს ერთ-ერთი გატაცებული მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.
გატაცებულების ახლობლები დახმარებას ითხოვენ. მასშტაბური გატაცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან მექსიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
წყარო: მთავარი არხი