„ასე გადაწყვიტა სამყარომ ჩემი მოკვლა”, – ეს სიტყვები დაწერა სოციალურ ქსელში თერჯოლის რაიონში, სოფელ ზედა საზანოში დატრიალებული ტრაგედიის დროს გადარჩენილმა გოგონამ, ანა რობაქიძემ. ძალიან მძიმეა დღეს მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა, რადგან სწორედ მის თვალწინ დატრიალდა ენით აღუწერელი ტრაგედია. იმ საბედისწერო დღეს რობაქიძეების სახლში სტუმრად ლიზის თანაკლასელი გოგონები ჭიათურიდან ჩავიდნენ.
როგორც ირკვევა, სტუმრებისათვის სოფლის საინტერესო ადგილების დასათვალიერებლად ყველანი ერთად წავიდნენ. ჩანჩქერის სანახავად ამ სოფელში თურმე ბევრი ტურისტი დადის. მათ თან მიჰყვებოდა მასპინძელი ლიზი რობაქიძის მამა, არსენა რობაქიძე, ასევე ლიზის და. თურმე ერთ-ერთ ბავშვს სურათის გადაღების დროს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, მის დასახმარებლად პირველი წყალში არსენა შევიდა, მაგრამ ვერ შეძლო ბავშვის შველა. მერე სხვებიც შეეცადნენ მათ დახმარებას და სამწუხაროდ, 4 ადამიანი მდინარეში დაიხრჩო. ნაპირზე დარჩენილმა ერთ-ერთმა გოგონამ საშველად 112-ში დარეკა, მაგრამ იქ მისულ მაშველებს უმძიმესი სურათი დახვდათ. მათ წყლიდან მხოლოდ ერთი გოგონას ამოყვანა შეძლეს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმის თქმით, „გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გაეწერა. მას ჰიპოთერმია და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა აღენიშნებოდა”.
გადარჩენილი გოგონა ლიზის დაა. მათი დედა ემიგრაციაში იყო, იტალიიდან ამ საშინელი ტრაგედიის დატრიალების შემდეგ ჩამოვიდა. გარდაცვლილი არიან ლიზი და არსენა რობაქიძეები, ნინო კენჭოშვილი და ელენე შუკაკიძე.
ძალიან გაუჭირდა მომხდარზე საუბარი მათი სკოლის დირექტორს: “საშინელი დღე გათენდა, ენით აღუწერელი ტრაგედიაა. ჩვენი სკოლის სამი მოსწავლეა გარდაცვლილი. რა უნდა ვთქვა, არ ვიცი. სტუმრად იყვნენ თანაკლასელის სახლში. ამბობენ, ერთს ფეხი დაუცდაო, სხვები ცდილობდნენ დახმარებას და მოხდა უბედურება. გადარჩენილი გოგონაც ჩვენი სკოლის მოსწავლეა, ერთ-ერთი დაღუპულის და… საოცარი ბავშვები იყვნენ, სანიმუშოდ ზრდილი, თბილი და გონიერი გოგონები, მომავლის იმედით და გეგმებით სავსე. წელს სკოლას ამთავრებდნენ და არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა მათ ოჯახებს. დიდი ტკივილია. ყველა განიცდის. სიტყვები უძლურია”.
მერის წარმომადგენელი სოფელ ზედა საზანოში ამბობს, რომ არსენას გულის პრობლემები ჰქონდა და სავარაუდოდ მას წყალში გული გაუსკდა: “დიდი ტრაგედიაა. არსენა რობაქიძე და მისი ქალიშვილია გარდაცვლილი, მეორე ქალიშვილი, ანა გადარჩა. არ ვიცი რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია. იქ ჩანჩქერია და ალბათ სველი იყო ადგილი წყლის შხეფებისგან, ფეხი დაუცდათ. ძალიან ცივი წყალია, მარტო სიცივე მოკლავდა. სურათის გადაღების დროს გადავარდნილა ერთი ბავშვი და შემდეგ მამა გადამხტარა საშველად. არსენას გულის პრობლემები ჰქონდა, ოპერაცია გაიკეთა და ეტყობა, ცივ წყალში გულმაც უმტყუნა. ეტყობა ამ ცივ წყალში რომ შეცვივდნენ ბავშვები, შიშიც ჰქონდათ. დიდი გლოვაა სოფელში. თანავუგრძნობ მათ ოჯახებს”.
წყარო: გზა