საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა და შესაბამისად, მისი წილი ქვეყანაში შექმნილ მთლიან შიდა პროდუქტში ყოველწლიურად იზრდება. ფულადი გზავნილების ზრდას ემიგრანტთა რიცხვის მატება განაპირობებს. გზავნილების წილის ზრდა ნიშნავს, რომ მას უფრო მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია ქვეყნის ეკონომიკაზე. სწორედ უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით შემოსული ვალუტა დაეხმარა ეკონომიკას და ამით პანდემიის უარყოფითი გავლენა ნაწილობრივ შემსუბუქდა.
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 2016 წლიდან მუდმივად იზრდება. 2018 წელს მშპ-ში ფულადი გზავნილების წილი 9.7% იყო, ხოლო 2019 წელს 13.5%-მდე გაიზარდა (გზავნილების მოცულობამ 2019 წელს $1.7 მილიარდი შეადგინა). ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკის 13,5%-ს უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები ამუშავებს. ამ მაჩვენებლით ფულადი გზავნილების წილი მშპ-ში უცხოურ ინვესტიციებსაც აჭარბებს. მაგალითად, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მშპ-ის 7.6% იყო.
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები პანდემიის გავლენით მსოფლიო მასშტაბით ფულადი გზავნილების კლებას ვარაუდობდნენ. იყო პროგნოზი, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფულადი ნაკადები დაიკლებდა. თუმცა, გზავნილები მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა. 2020 წლის აპრილისა და მაისის თვეებში კლების შემდეგ, ზაფხულის შუა პერიოდიდან ფულადი ნაკადების მოცულობამ კვლავ ზრდა დაიწყო და დადებითი დინამიკა ისევ გრძელდება. გზავნილების მატება იმანაც განაპირობა, რომ საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ფულის შემოტანის ერთადერთი გზა სწორედ გადმორიცხვა იყო. 2020 წელს სულ საქართველოში $1.886 მილიარდი გადმოირიცხა (2019 წელთან შედარებით, 11%-ით მეტი).
დადებითი ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში უცხოეთიდან სულ $149.7 მილიონი გადმოირიცხა – წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19,1%-ით მეტი. ყველაზე მეტი გზავნილი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა – $27.3 მილიონი, რუსეთიდან – $23.1 მილიონი, საბერძნეთიდან – $18.6 მილიონი, აშშ-დან – $18.07 მილიონი, ისრაელიდან – $13.1 მილიონი, თურქეთიდან – $7.1 მილიონი, უკრაინიდან – $6.4 მილიონი, გერმანიიდან – $6.06 მილიონი, აზერბაიჯანიდან – $5.3 მილიონი, ესპანეთიდან – $3.5 მილიონი.
პირველად მოხდა, რომ გადმორიცხვების მიხედვით, რუსეთმა ლიდერის პოზიცია დაკარგა და ფულადი ნაკადები, წინა წელთან შედარებით, 11%-ით შემცირდა. სამაგიეროდ, წინა წლის იანვართან შედარებით, ევროკავშირიდან გზავნილები 26%-ით გაიზარდა.
ბუნებრივია, რომ ამ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი უცხოეთში წასულ სამუშაო ძალას შეაქვს. ემიგრანტების რაოდენობა მზარდია. 2019 წელს მათმა რაოდენობამ 105 ათასს გადააჭარბა, რაც, წინა წელთან შედარებით, 6.2%-ით მეტია. სულ 2013-2019 წლებში ქვეყანა 42 ათასამდე ადამიანმა დატოვა. ემიგრანტების 84.9% შრომისუნარიანი – 15-დან 64 წლამდე მოქალაქეები არიან. როგორც საქსტატის მიერ ჩატარებულმა აღწერამ აჩვენა, ყველაზე მეტი ემიგრანტი რუსეთის ფედერაციაში, საბერძნეთსა და თურქეთში ცხოვრობს.
ფულადი გზავნილები განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. კვლევები მიუთითებს, რომ ფულადი გზავნილები ამცირებს სიღარიბეს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, აუმჯობესებს მოსახლეობის კვების ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებს, იწვევს განათლებაზე დანახარჯების ზრდას და ამცირებს ბავშვთა შრომას.
უცხოეთიდან მიღებული გადარიცხვები მნიშვნელოვანი შემოსავალია საქართველოს მოქალაქეებისთვის. მოსახლეობის მეხუთედი აღნიშნავს, რომ ფულად შემოსავალს უცხოეთში მცხოვრები ნათესავებისგან იღებს. ეროვნული ბანკის შეფასებით, რომ არა უცხოეთიდან გადმორიცხული ვალუტა, ადგილობრივი მოთხოვნა შემცირდებოდა და ეკონომიკური ვარდნა ბევრად მეტი იქნებოდა.
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე $507,4-ს შეადგენს. მეზობელ სომხეთში 2020 წლისთვის ფულადი გზავნილები $1.370 მილიარდს შეადგენდა, რაც ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 11%-ია. 2020 წელს პანდემიის გამო უცხოეთიდან ფულადი ნაკადები სომხეთშიც შემცირდა. განსაკუთრებით აპრილ-მაისში, როცა კლება თითქმის 40% იყო. სომხეთში თანხის 63% რუსეთიდან ირიცხება, ხოლო 14% – აშშ-დან. ერთ სულ მოსახლეზე გზავნილების მოცულობა სომხეთში $456-ს შეადგენს.
აზერბაიჯანში ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოსა და სომხეთთან შედარებით ბევრად ნაკლებია. 2020 წელს ქვეყანაში სულ $420 მილიონის ოდენობის გზავნილი შევიდა. აზერბაიჯანს ფულადი გზავნილების დადებითი სალდო აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან გაცილებით მეტი თანხა გადის, ვიდრე შემოდის. შესაბამისად, ერთ სულ მოსახლეზე ფულადი გზავნილების ოდენობა $4.2-ს არ აღემატება.
რაც შეეხება 2021 წლის პროგნოზს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, მომავალ წელს საქართველოში საგარეო წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებს შორის პრიორიტეტული კვლავ ფულადი გზავნილები იქნება.
წყარო: businessfeed.ge