6 მარტს „TV პირველის“ ეთერში აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.
მართალია ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რომელ წელსაა ეს საუბარი ჩაწერილი და არც მისი ავთენტურობაა დადგენილი, თუცა, აუდიოფაილის მოსმენისას ცნობილი ხდება, იმ ადამიანების სხვადასხვა ფორმით დასჯასა და ბოდიშის მოხდის იძულებაზე, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი/უცენზურო კომენტარები დაწერეს.
ჩანაწერების ეთერში გასვლამდე, „ტვ პირველმა“ ანზორ ჩუბინიძეს ჰკითხა, იყენებდნენ თუ არა ასეთ პრაქტიკას ბერა ივანიშვილის მლანძღველთა მიმართ და მაგალითად, ეკუთვნის თუ არა მას სიტყვები „ხელები მოატყდება“.
„წარმოუდგენელ რამეს მეუბნებით“, — უპასუხა ჟურნალისტს ჩუბინიძემ.
კითხვაზე, უთხოვია თუ არა მისთვის ბერა ივანიშვილს ხსენებულ პირთა დასჯა, ჩუბინიძე პასუხობს:
„არასდროს არ უთხოვია, როგორც თქვენ ლაპარაკობთ, იმ ფორმით… ვიღაც დასაჯე და რაღაცა…“
ჩანაწერების შეფასების კუთხით, მმართველი გუნდიდან განსაკუთრებით აქტიურობდა სოზარ სუბარი, რომელმაც რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში თქვა, რომ ყოველივე ეს ფაბრიკაციაა და მასალა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას მომზადდა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში 6 მარტის საღამოს გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ თქვა, რომ ეს არის „ფაბრიკაცია“, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე მოამზადეს.
„შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის, ხაზს ვუსვამ, არა 2011 და 2012 წლების, მაგალითად, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ შემოვიდა პოლიტიკაში, არამედ 2010 წლის…
სიუჟეტის გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში პროტესტისა და კრიტიკის შემდეგ ღარიბაშვილის მეუღლემ ნუნუკა თამაზაშვილმა „ფეიბუკის“ პირად გვერდზე, 2013 წელს გადაღებული ირაკლის, ბერასა და თავის ერთობლივი ფოტო გააზიარა და სიყვარულის ნიშნად გულის ემოჯი დაურთო.