მწერალი, პოეტი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ზუსტად ერთი თვის წინ, თავი მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანი მეგონა – არ ვიმჩნევდი, მაგრამ ეგრე იყო. ვფიქრობდი, რომ ჩემი მთავარი და არაერთხელ გამხელილი ოცნება – ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის ლეგენდარული სამკითხველოს გახსნა, რომელსაც მთელი 11 და ბევრი თვით მეტი წელი წარმოვიდგენდი – თითქოს არც ყოფილა, ისე გაქრა. რთული, ძალიან რთული გზა გამოვიარეთ – დრო დაჭირდა შენობის გამაგრებას – უმძიმესი და დეტალური სამუშაო. მერე ალყა დავარტყით სამკითხველოს – ჯერ წიგნის მუზეუმი გავხსენით, მერე ხელოვნების დარბაზი, მერე ფოლკლორის დარბაზი და ქართული ენის დარბაზიც მოვამზადეთ (წესით მალე გაიხსნება) – ეს ყველაფერი სულ კერძო შეთანხმებების ძალით. ჰოდა, უკვე დიდი პირობა გაჩნდა, რომ ბიზნესი ამ სივრცით დაგვეინტერესებინა და აი, მაისში – შევძელით კიდეც. სულ ბოლო სიახლე ამ კუთხით, გერმანელი რესტავრატორების ჩამოსვლა – 10 იანვარს გამცნეთ, ხოლო 11 იანვარს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე. სწორედ ეგ გამოდგა ძნელი
და არც ის მამშვიდებდა დიდად, რომ ,,ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში”, არც ყალბი ალტრუისტული შეგებებები – “მთავარია ხომ გაიხსნება და რა მნიშვნელობა აქვს..” – რგებდა სევდას მაინცდამაინც.
მეორე დილით, ჩემს ტელეფონში რვა ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება დამხვდა. ორი ავირჩიე ( Biblusi • ბიბლუსი სახლი/Sakhli ) მათგან და მესამე ჩემი LIB.GE დავიტოვე. და ხელახლა დავიწყე შენება – არ დამიხარჯავს არცერთი ზედმეტი სიტყვა, იმ რვა წინადადების მიღმა რომ მაცდური მოწვევები იყო სულ სხვა სფეროში – ყველა ვიუარე, მშვიდად დავემშვიდობე თანამშრომლებს და სრულიად მშვიდადვე გიმხელთ, რომ ჩემი აზრით; ვნების სიმძაფრე უფრო საკუთარი თავის გაძლების გამოცდაშია, წამოდგომის უცნაურ და გაუებარ ძალაში, ფერისცვალების შესაძლებლობის განცდაში – თორემ სამყარო რომ არ არის სამართლიანობის პრინციპზე აწყობილი – არც ახლა, არც ყოფილა და არც იქნება არასდროს – ეგ სიმღერა უკვე წავიმღერე – ცოტა სახალხოდ და მეტად – გულში.
ახლა გაცილებით ძლიერი ვარ.
წინ დიდი გზებია!“, – წერს ის.