ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.
„უცხო ნომრიდან ზარია ტელეფონზე. კომპანია ლიდერიქსიდან ვართო. საზეიმო ხმით მამცნო ქალმა რომ რაღაც პრიზი მოვიგე და ათ იღბლიან გამარჯვებულს შორის მოვხვდი. დაიწყო ახსნა ძალიან აჟიტირებულმა რა მოვიგე და რა უნდა მომხდარიყო ამის მერე. როგორც გაირკვა, მოვიგე რაღაც რელიგიური წიგნი, რომელსაც მომიტანდნენ მამა გაბრიელის ზეთთან ერთად. ოღონდ პარალელურად “მომიბრძანებდნენ პატრიარქის კურთხევით დახატულ ხატს ბევრი წმინდანით,“ რომელიც ჩემს ოჯახს გააბრწყინებდა და რომელზეც ყველა ოცნებობს თურმე, რომ მის ოჯახში მიაბრძანონ. პატრიარქს უნდაო, რომ ეს ხატი ყველა ოჯახში იყოსო. დიდი ინტერესით მოვუსმინე ბოლომდე, ბევრს არ მოვყვები, უწყინარი და თანმიმდევრული კითხვებით გავარკვიე, რომ: გამიმართლა და ამ ხატს რომ მომიბრძანებდა კურიერი, 270 ლარის ნაცვლად შემეძლო მხოლოდ 99 ლარი გადამეხადა. ასევე შემეძლო უარი მეთქვა იმ წიგნზე, რომელიც მოვიგე და მამა გაბრიელის ზეთზეც შემეძლო მგონი უარის თქმა, იმდენი ინფორმაცია მომაყარა იმ ქალმა, ზუსტად არ მახსოვს, თუმცა, ჯამში გამოვიდა , რომ ხატი უნდა მეყიდა. ყველაფერი დანარჩენი, მთელი საზეიმო შესავალი და რელიგიური ექსტაზით აღსავსე ხმა ბოლი იყო. კითხვაზე, სად არის გამოხატული პატრიარქის სურვილი, რომ ეს ხატი ყველა ოჯახში უნდა იყოს, ცოტა შეცბა, როგორ არ გჯერათ, ამას როგორ მოვიტყუებოდიო. აშკარად პირველი ვიყავი, ვინც ეს კითხვა დაუსვა. მას შემდეგ, რაც დაჟინებით მოვითხოვე პატრიარქის კურთხევის და სურვილის მტკიცებულება, შემომთავაზა, ჩვენ პატრიარქის ხელმოწერილი ბიბლია გაქვს და შეგვიძლია გაჩვენოთო. მეთქი ბიბლია რა შუაშია, აი, მაგ ხატთან დაკავშირებით პატრიარქის სურვილი სად არის დაფიქსირებული მაჩვენეთთქო, აქ უკვე მითხრა, რა კითხვებს სვამ, ღმერთის როგორ არ გეშინიაო. და მეთქი შენ რომ პატრიარქის სახელით თაღლითობ როგორ არ გეშინიათქო. აი, აქ უკვე გამითიშა ტელეფონი. ასე იყო მოკლედ. მადლობა ყურადღებისთვის. საპატრიარქო, თუ თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, მიხედეთ ამ ხალხს“, – წერს ის.