აჭარის რეგიონში დღეს სტიქიის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა გზის და ელეტროენერგიის გარეშე დატოვა.
ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში კი მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
მეწყერსაშიშ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ.
„ჩემი სახლი მეწყერს მიაქვს, სხვა სახლში ვცდილობთ ახლა გადასვლას, პირუტყვი უკვე გადავიყვანეთ,“ – ამბობს შუახევში, სოფელ ბუთურაულში მცხოვრები გოჩა მიქელაძე.
დღეს, 6 თებერვალს, მეწყერი რამდენიმე ადგილზე გააქტიურდა. მოქალაქის თქმით, ადგილზე მისული მაშველები მას ვერაფერში დაეხმარნენ.
„მოვიდნენ პიკაპით, მონაცემები ჩაიწერეს და წავიდნენ, გზაც არაა, რომ სადმე წახვიდე. სახლში მხოლოდ მე და დედაჩემი ვართ, მეზობლები მეხმარებიან…
ძლიერი წვიმის დროს წამოვიდა მეწყერი, მეწყერსაშიში ზონაა, მაგრამ ვერსად ვერ წავედით აქამდე, წლების წინ მომცეს მხოლოდ 25 ათასი ლარი და ამ ფულით სად უნდა წავსულიყავი, დავრჩით ისევ აქ,“ – ამბობს გოჩა მიქელაძე.
მეწყრის წამოწოლის შედეგად დღეს, 6 თებერვალს, ერთი ადამიანი ხულოში, სოფელ თხილვანაში დაიღუპა, ერთი კი – ქედის სოფელ წონიარისში.
ასევე, დღეს სტიქიური მოვლენა განვითარდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც ძლიერი წვიისა და ქარის შედეგად საცხოვრებელსახლებს სახურავები აეხადა. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში კი, ქარმა საჯარო სკოლას სახურავი გადახადა, შედეგად სწავლის პროცესი შეჩერდა.